ბოლო დროს, ჰოლანდიელ ფეხბურთელთაგან ყურადღების ცენტრში მემფის დეპაი მოექცა. ის 1 ივლისიდან „ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება.

ევრო 2020-ზე დეპაის გამოსვლა მის სამშობლოში დიდი კამათის საგნად იქცა. ასე მაგალითად, 1988 წლის ევროპის ჩემპიონი ვიმ კიფტი ამბობს:

„შეუძლებელია ყოველთვის, როდესაც ბურთს იღებ, მატჩის ბედი გადაწყვიტო. ხანდახან, მარტივად უნდა ითამაშო. არ არის საჭირო ყოველ ჯერზე მაქსიმალურად რთული ან ესთეტიკურად სასიამოვნო მიზნის დასახვა. სწორედ ამიტომ კარგავს დეპაი ბურთს ასე ხშირად. ის ნებისმიერ ეპიზოდში მაქსიმუმის ზღვარზე თამაშობს. მან პრაქტიკული თვალსაზრისით საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღება უნდა ისწავლოს.

შევადაროთ ის ქარიმ ბენზემასა და რომელუ ლუკაკუს. ამ ორმა თავდამსხმელმა კარგად იცის მარტივად თამაშის ყადრი. ისინი თამაშს კითხულობენ და მეტოქის საჩხვლეტად ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან. დეპაის წინააღმდეგ თავის დაცვა კი ძალიან მარტივია.

მემფისმა თანაგუნდელებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს და მარტივად, ზედმეტი დეტალების გარეშე უნდა ითამაშოს. შენი მოქმედებების წვრილმანებით გადატვირთვა ბურთს ხშირად დაგაკარგინებს, ამან კი შეიძლება საკუთარ შესაძლებლობებში დაგაეჭვოს”.

კიფტზე მეტად კრიტიკული გახლდათ ანალიტიკოსი იოჰან დერკსენი. მან თქვა: „დეპაი მეორეხარისხოვანი ფეხბურთელია, ვარსკვლავი ნამდვილად არ არის. მან ბოლო თამაშში 25-ჯერ დაკარგა ბურთი. „ბარსელონა” ამას ვერ შეეგუება. აქ, ევროპის ჩემპიონატია, „ლიონის” და „სენტ ეტიენის” შეხვედრა კი არ არის. არადა, მან კარგად იცის, რომ მთელი ევროპა უყურებს და უნდა, რომ თავი გამოიჩინოს. აი, ეს არის მისი ასეთი ქცევის მიზეზი. შედეგად, დეპაი შეცდომას შეცდომაზე უშვებს და უცნაურ რაღაცებს აკეთებს.

თანაგუნდელებისთვის ორიენტირად გახდომა უნდა დაიმსახურო. იმ მდგომარეობას, მათ თავიანთი თამაში შენზე რომ ააწყონ, მოპოვება უნდა, მემფისი კი ამას არ აკეთებს”.

ჰოლონდიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ერიკ მეიერსი: „წესით, დეპაი გუნდის ლიდერი უნდა იყოს. მან პენალტი გაიტანა, მაგრამ ბევრი შეცდომა დაუშვა. ის არ იყო მართალი, როდესაც თქვა ვეგჰორსტთან თამაში ვერ ავაწყეო. მას გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე ჯერჯერობით გვაჩვენებს”.