დანიისა და ბელგიის ნაკრებთა შეხვედრაში გადამწყვეტი როლი კევინ დე ბრუინმა ითამაშა — ის მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, როდესაც დანიელები 1:0-ს იგებდნენ, ჯერ საგოლე პასი შეასრულა, შემდეგ თავადაც შეაგდო გოლი და ბელგიას 2:1 მოაგებინა.

ეს გახლდათ დე ბრუინის პირველი გამოჩენა მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, სადაც „მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” შეხვედრაში, ლონდონელთა მცველ ანტონიო რუდიგერთან შეტაკების შემდეგ, „სიტის” ვარსკვლავს ცხვირი და ორბიტა (თვალის ბუდე) გაუტყდა.

ბელგიურ ტელეარხ Sporza-თან ინტერვიუში დე ბრუინმა თქვა: „თავით თამაშის ჯერ მაინც მეშინოდა, რადგან დაზიანებული ადგილი არ არის ბოლომდე შეხორცებული. თამაშში მეტისმეტად მწვავე დროს მომიწია ჩართვა, რაც ბოლოსკენ უფრო ვიგრძენი, მაგრამ გავუძელი. თავი ცუდად არ მიგრძვნია.

გარდა ამისა, სახის მარცხენა მხარეს შეგრძნება საერთოდ დაკარგული მაქვს. ანესთეზიის მსგავსი შეგრძნებაა. მეუბნებიან, რომ მგრძნობელობა ექვს თვეში დამიბრუნდება. ძალიან შემაწუხებელია, მაგრამ ფეხბურთის თამაში შეიძლება”.