მას მერე, რაც იტალიელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი „ევერტონიდან” „რეალში” გადავიდა, „გუდისონ პარკზე” ახალი თავკაცის ძებნას შეუდგნენ. მართალია, საყოველთაო ყურადღება დღეს ევროპის ჩემპიონატისკენ არის მიპყრობილი, მაგრამ ლივერპულელი ფანობა თავისი საყვარელი კლუბის ამბებს თვალს არ აცილებს და როგორც კი დაირხა ხმა, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე 61 წლის ესპანელი რაფა ბენიტესის კანდიდატურასაც განიხილავენ, საქმეში ჩაერთო.

„ევერტონის” ფანების პოზიციას ფოტოზე ხედავთ. მათ „გუდისონ პარკის” ღობეზე პლაკატები მიაკრეს. ერთზე წერია „ბენიტესს არ მივესალმებით”, მეორეზე კი ძალიან ცუდი სიტყვებია.

ასეთი რეაქციის მიზეზი ის არის, რომ რაფა ბენიტესი 2004-2010 წლებში „ევერტონის” საძულველი კლუბის, მისი თანაქალაქელი „ლივერპულის” თავკაცი იყო და 2005 წელს ჩემპიონთა ლიგაც კი მოაგებინა. ეს სწორედ ის გათამაშებაა, რომლის დაუვიწყარ ფინალშიც „ლივერპული” „მილანთან” პირველ ტაიმში 0:3-ს აგებდა, მეორე ტაიმში კი მოედანზე დაბრუნებულმა, სულ რაღაც 6 წუთში, 3:3 გახადა და საბოლოოდ პენალტებით მოუგო.

ბენიტესის ხელმძღვანელობით, „ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2007 წელსაც ითამაშა, მაგრამ იქ უკვე დამარცხდა — იმავე „მილანთან”, 1:2.