
წინა ტურში „დინამომ“ წაიფორხილა, ამით „ბათუმმა“ ისარგებლა, „თელავი“ დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა. ამჯერად კი პირიქით მოხდა, „დინამომ“ კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით პირველად მოიგო, „ბათუმმა“ კი სტუმრად „სამგურალთან“ ფრე ითამაშა და ახლა ჩემპიონობის მთავარ მაძიებლებს ისევ თანაბარი 35-35 ქულა მოუგროვდათ.
„სამტრედია“ „დინამოსთვის“ პრინციპული მეტოქეა და ეს განწყობა ამჯერადაც გამოჩნდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როცა გია ცეცაძის შეგირდებმა უპირატესობაც მოიპოვეს და შეუტიეს კიდეც, მაგრამ ბოლო მომენტში სიზუსტე არ ჰყოფნიდათ. ასე ვთქვათ, „დინამომ“ კლასის ხარჯზე გაიმარჯვა.

პირველი ბურთი სერბმა ფეხბურთელმა გაიტანა, ოღონდ არა ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა, ზორან მარუშიჩმა, არამედ მილან რადინმა. მარუშიჩს ამჯერად თავად არ გაუტანია, თუმცა ორივე ბურთი მისი პასებით გავიდა. მეორე გოლისას ის თორნიკე ახვლედიანს დაერხმარა თავის გამოჩენაში.
„ბათუმმა“ ვერაფერი მოუხერხა კერკეტ დებიუტანტ „სამგურალს“ და უგოლოდ დაშორდა. ასევე ვერ გაუტანეს ერთმანეთს „შუქურამ“ და „საბურთალომ.“
ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო „ლოკომოტივმა“ და მესამე ადგილზე დამკვიდრდა. „რკინიგზელთაგან“ გოლები ირაკლი სიხარულიძემ, თორნიკე კირკიტაძემ და მამია გავაშელიშვილმა გაიტანეს. ტორპედოელები კი ბოლოსკენ კაცნაკლულები დარჩნენ, მსაჯმა მოედნიდან ორი ყვითელი ბარათის კვალად, განელი სამუელ ინკუმი დაითხოვა.
აი, „დილა“- „თელავის“ მატჩი კი მუშტიკრივით დამთავრდა. რის გამოც არბიტრმა მინდვრიდან გორელი ირაკლი ბუღრიძე და თელაველთა აზერბაიჯანელი ლეგიონერი, ვუგარ ბაიბალაევი გააძევა. ასეთი ეპიზოდები ნამდვილად არ ალამაზებს ჩვენს ჩემპიონატს.
გორელებმა ბოლო ორ ტურში უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგეს. ჯერ „საბურთალოსთან“ წააგეს დიდი ანგარიშით (0:3), ახლა კი თელაველებს ვერ მოუგეს. კახურმა გუნდმა კი ზედიზედ ოთხწაგებიანი სერია დაასრულა, თუმცა გამარჯვების სიტკბო 16 ტურია აღარ უგრძვნიათ.
სამტრედია 0:2 დინამო
0:1 რადინი (24), 0:2 ახვლედიანი (80)
შუქურა 0:0 საბურთალო
სამგურალი 0:0 ბათუმი
დილა 1:1 თელავი
0:1 შეყილაძე (17), 1:1 კაპანაძე (41)
გაძევება: ბუღიძე (90+2) – დილა; ბაიბალაევი (90+2) – თელავი
ლოკომოტივი 3:1 ტორპედო
1:0 სიხარულიძე (46), 2:0 კირკიტაძე (69), 2:1 ჩალაძე (76), 3:1 გავაშელიშვილი (95)
გაძევება: ინკუმი (89) – ტორპედო
| გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
|---|---|---|---|---|---|---|
| ბათუმი | 36 | 21 | 12 | 3 | 73:27 | 75 |
| დინამო | 36 | 21 | 7 | 8 | 59:28 | 70 |
| დილა | 36 | 17 | 10 | 9 | 48:35 | 61 |
| საბურთალო | 36 | 15 | 12 | 9 | 52:40 | 57 |
| ლოკომოტივი | 36 | 15 | 8 | 13 | 57:59 | 53 |
| თელავი | 36 | 12 | 8 | 16 | 35:53 | 44 |
| სამგურალი | 36 | 9 | 14 | 13 | 34:46 | 41 |
| ტორპედო | 36 | 9 | 13 | 14 | 38:44 | 40 |
| შუქურა | 36 | 5 | 12 | 19 | 28:49 | 27 |
| სამტრედია | 36 | 5 | 6 | 25 | 33:76 | 21 |
მეგოლეები: ზორან მარუშიჩი (დინამო) – 8, დმიტრი მანდრიჩენკო (საბურთალო) – 7, გიორგი ფანცულაია, ჯაბა ჯიღაური (ორივე – ბათუმი), იური ტაბატაძე (საბურთალო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი) – 6





