უეფას ახალი საკლუბო ტურნირის, კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში გაიმართა.

ახალ ტურნირში სამი ქართული გუნდი ითამაშებს – ბათუმის „დინამო”, „დილა” და „გაგრა”. შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული წილისყრის შემდეგ მათი მეტოქეები გაირკვა.

უნდა ითქვას, რომ ახალ ტურნირზე ქართულ გუნდებს მეტნაკლებად გაუმართლა. დიდი შანსი იყო, ჩვენებს უფრო ძლიერი გუნდები დაჯახებოდათ.

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო” სან მარინოს „ტრე პენეს” დაუპირისპირდება და პირველ მატჩს შინ გამართავს.

მესამეადგილოსან გორის „დილას” მეტოქედ სლოვაკური „ჟილინა” ერგო. ანდრი დემჩენკოს შეგირდები პირველ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებენ.

საქართველოს თასის გამარჯვებული „გაგრა” კი, მონტენეგროს „სუტიესკას” დაუპირისპირდება. ეროვნული ლიგა 2-ის გუნდი პირველად შინ ითამაშებს.

უეფას კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო წრის მატჩები 8 და 15 ივლისს გაიმართება.