რაჰიმ სტერლინგმა ინგლისელების საყვარელ გამოთქმას „ის შინ ბრუბდება” მეტისმეტად პირდაპირი მნიშვნელობა შესძინა.
ფეხბურთი შინ ბრუნდებაო (football’s coming home), მღერიან, ამბობენ და წერენ ინგლისელები ყოველთვის, როდესაც მსხვილი ტურნირი მათ ქვეყანაში ტარდება — 1996 წელს, ეს მთელი ევროპის ჩემპიონატი იყო, ახლა, დიდ ტერიტორიაზე გაფანტული პირველობის მატჩებია. „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა კი გუშინ, ხორვატიის ნაკრების კარში გაიტანა გოლი, რომელმაც გარდა იმისა, რომ ინგლისელებს პირველი გამარჯვება მოუტანა, დიდი ფეხბურთი მის უბანში „დააბრუნა”.
26 წლის სტერლინგი დაიბადა და იზრდებოდა ნილდ კრისკენტში, ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, ბრენტში… მოკლედ, „უემბლის” ტრიბუნების ჩრდილში. უყურებდა ლეგენდარული სტადიონის რეკონსტრუქციას, თაღს და, რასაკვირველია, ფეხბურთელობაზე ოცნებობდა.
ხორვატებთან თამაშის წინა დღეს, მან თავის ინსტაგრამზე დადო ბავშვობისდროინელი ფოტო, სადაც ის რაღაც ჯილდოთი ხელშია გადაღებული და მიაწერა: არასდროს დაივიწყო სად დაიწყო ეს ყველაფერი. #ბიჭიბრენტიდან.
ინგლისური პრესა წერს, რომ ნაკრების გამარჯვებამ გადაფარა უხერხულობა, რომელიც თამაშის წინ, რასიზმის საწინააღმდეგო მუხლმოდრეკის დროს შეიქმნა — აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ხორვატებმა არ დაიჩოქეს, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თავად ინგლისელი გულშემატკივრის ნაწილმა უსტვინა.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ოდესმე, რომელიმე დიდ შეჯიბრებაში, „უემბლიზე” მომიწევს თამაში და გოლს გავიტან, ეს ჩემს უკანა ეზოში გატანილი გოლი იქნებოდა. ბედნიერი ვარ, ბოლოს და ბოლოს ამის გაკეთება რომ შევძელი”, — თქვა სტერლინგმა.
ბევრგან ითქვა და დაიწერა, რომ ეს 1:0 იყო ინგლისის ნაკრების პირველი, ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატების გახსნის შეხვედრებში — მთელი 53 წლის განმავლობაში.