ხმა დაირხა, რომ სერხიო რამოსი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. „რეალში” გატარებული 16 წლის შემდეგ, 35 წლის ვარსკვლავს, რამდენიმე დღეში, მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება. ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი, როგორ წარიმართება მისი კარიერა ივლისიდან, მაგრამ სრულიად შესაძლებელია რამოსს სევილიიდან საინტერესო წინადადებით მიმართონ.
ესპანური წყაროების თანახმად, „სევილია” მზად არის რამოსთან ხუთწლიანი(!) ხელშეკრულება გააფორმოს. ანუ, ვეტერანი მისი ვადის გასვლის შემდეგ 40 წლის იქნება.
ხელფასად სევილიელები თანაქალაქელს წელიწადში 7 მილიონ ევროს სთავაზობენ და ხუთი წლის შემდეგ, კლუბში სამსახურის გარანტიას აძლევენ.
„მარკას” თანახმად, რამოსს „რეალში” უნდოდა დარჩენა. ის მზად იყო ხელფასი 10 პროცენტით შეემცირებინა და კლუბთან 2023 წლამდე გაეფორმებინა ხელშეკრულება. როგორც ჩანს, „სანტიაგო ბერნაბეუზე” ეს ვარიანტი ხელს არ აძლევთ, რადგან რამოსის ხელფასი წელიწადში 15 მილიონი ევრო გახლდათ და თუკი მას 10 პროცენტს გამოვაკლებთ, მაინც გვარიანი თანხა, 13,5 მილიონი რჩება. „ლოს ბლანკოსს” ორი წლის განმავლობაში 35 წლის კაცისთვის ამხელა გასამრჯელოს დანიშვნა არ სურს.