საქართველოს 2020-2021 წლების სარაგბო ჩემპიონატი ქუთაისური ზეიმით დაგვირგვინდა. 30-წლიანი პაუზის შემდეგ ტურნირის დიდ ფინალს სწორედ ქუთაისმა უმასპინძლა და ადგილობრივმა „აიამ“ 26-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული!
„აიას“ ამ წარმატებაში განსაკუთრებული დამსახურება ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ყოფილ ლიდერ ბესიკ ხამაშურიძეს მიუძღვის, რომელმაც ტრადიციულად ინდივიდუალურად ნიჭიერი ქუთათურებისგან ექსტრა-კლასის სარაგბო რაზმის შეკვრა მოახერხა. ქუთაისურმა გუნდმა მთელი სეზონი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თავისი მეოთხე ტიტული მოქმედ ჩემპიონ „ბათუმთან“ უშეღავათო ბრძოლაში მოიპოვა.
დიდი 10-ის ფინალი გუნდების ბომბარდირთა დუელად იქცა. პირველ ტაიმში ქუთათურებმა ერთი ლელო გაიტანეს – პეტრე ჯინჭარაძემ „აიას“ საოცარი მოლი შედეგიანად დააგვირგვინა. მეორე ტაიმში კი თავისი ლელო ბათუმელებმაც დადეს, კერძოდ – ბექა ურჯუკაშვილმა. მაგრამ ამ შედეგიან მოქმედებას მხოლოდ პრესტიჟის ხასიათი ჰქონდა, რადგან იმ მომენტამდე „აია“ 16:6 იგებდა.
ყველა დანარჩენი ქულა კი ორივე მხრიდან შესრულებული დარტყმებით დაგროვდა. მასპინძელთაგან ბორჯღალოსანი გიორგი ბაბუნაშვილი ჩუბინობდა, ზღვისპირელებში კი ფეხით ზუსტად მამუკა ნინიძე ურტყამდა. საბოლოოდ პირველმა 11 ქულა გააკეთა, მეორემ – რვა, და ამ სამქულიანმა სხვაობამაც გადაწყვიტა ჩემპიონობის ბედი. 16:13 „აიას“ სასარგებლოდ და სარაგბო ტალანტების ერთ-ერთმა უმთავრესმა სამჭედლომ აბსოლუტურად ლოგიკურად დაასრულა სეზონი, თუმცა „ბათუმის“ გამოცდილი და ვარსკვლავური გუნდიც მშვენივრად გამოიყურებოდა, ისევე როგორც თბილისის „აკადემია“, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბოლნისის „ყოჩებს“ საზიარო სტადიონზე 24:17 სძლია.
12-გუნდიანი ექსპერიმენტული ლიგიდან 3 აუტსაიდერი პირველ ლიგაში დაქვეითდა, საიდანაც მხოლოდ ერთი აღზევდა ელიტაში და მომავალ სეზონში დიდი 10 თავის ტრადიციულ, 10-გუნდიან ფორმატს დაუბრუნდება. კერძოდ კი, ქვედა ლიგას შეემატნენ გორის „ჯიქი“, პატარძეულის „ვეფხვები“ და მარნეულის „არმაზი“, ხოლო საპირისპირო მიმართულები სტეფანწიმნდის „ყაზბეგი“ გადაადგილდა, რომლის წარმატებაშიც ლომის წვლილი ბორჯღალოსნებმა მერაბ კვირიკაშვილმა მა და ირაკლი ყიასაშვილმა შეიტანეს.