ახალგაზრდა ყმაწვილკაცი, რომელსაც უკვე ამდენისთვის მიუღწევია, დიდ გამოწვევას – სახელით ცდუნებას უნდა გაუმკლავდეს. დამსახურებულ მოსაგებელსაც რომ მოგაგებენ, ძნელია თავი არ დააჯერო, რომ მეტი გეკუთვნის. ტაშმა, ჯილდოებმა და ტიპიურ-ქართულმა სადღეგრძელოებმა საამო ბადის გაბმა იცის და მერე რამდენი ვერ გამოსულა იქიდან…

ხვიჩა კვარაცხელია გუშინწინ საქართველოს 2020-2021 წლების სეზონის ფეხბურთელი გახდა და დიდი საშა ჩივაძის სიტყვა თავდახრილმა, მომეტებული ყურადღებით მოისმინა, რადგან მისთვის უკვე ცხადია: ჩივაძის ნათქვამია მისთვის სპორტულ გზაზე მთავარი რეცეპტი და არა მავანი რესტორნის ჭაღების ბრდღიალსა და შამპანურის ფეთქვაში დიდი ენთუზიაზმით ამოთქმული დითირამბები. აღნიშნულის საკუთარ გონებაში გამტარებელი ადამიანი კი აღარასოდეს დაკარგავს ადამიანურ და კარიერულ ორიენტირებს და გვგონია, ხვიჩას ვარსკვლავობის ერთი გარანტი ეს ფოტოც არის.