როგორ იტალიის ნაკრებს ვიხილავთ ევროპის ჩემპიონატზე?

შეჯიბრების ფავორიტად ერთხმად საფრანგეთის ნაკრებია აღიარებული, მაგრამ არის ჯგუფი გუნდებისა, რომელსაც შესაძლოა ასე სულაც არ მიაჩნია და გულის სიღრმეში მოსწონს კიდეც ფსიქოლოგიური ტვირთი სხვას რომ აწევს. ერთ-ერთი მათგანია „სკუადრა აძურა”.

გერმანული „შპორტ ბილდი” წერს, რომ იტალია ლამაზ ფეხბურთს ნამდვილად ვერ თამაშობს, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი შემაძრწუნებლად მაღალი აქვს. ფაქტი: რობერტო მანჩინის გუნდმა ბოლო 30 შეხვედრიდან მხოლოდ 2 წააგო, გაიტანა 73 და გაუშვა 14 გოლი. შესარჩევ ეტაპზე იტალიელებმა ათიდან ათი მოიგეს!

იტალია დღეს თამაშობს თურქეთთან.

A ჯგუფში იტალიელთა შემდგომი მეტოქეები არიან შვეიცარია და უელსი. სამივე თამაში რომშია (ნებადართულია 16 ათასი მაყურებლის დასწრება). აქედან დასკვნა: „სკუადრა აძურა” სავარაუდოდ პირველი ადგილით გავა მერვედფინალში. ყოველ შემთხვევაში, ყველა სხვა შედეგი გასაკვირი იქნება.

იმავე „შპორტ ბილდის” აზრით იტალიის ნაკრები არის გუნდი ვარსკვლავის გარეშე. მისი კაპიტანი 36 წლის მცველი ჯორჯო კიელინია, რომელმაც ბოლო ინტერვიუში გუნდში შექმნილ განწყობას ჯადოსნური უწოდა.

2016 წელს, ევროპის წინა ჩემპიონატში, „სკუადრა აძურა” ძალიან კარგი გუნდი იყო, მაგრამ მეოთხედფინალში პენალტებში დამარცხდა გერმანელებთან. მანამდე, ჯგუფურ ეტაპზე, იტალიამ 2:0 მოუგო რეიტინგულ ბელგიას, ხოლო მერვედფინალიდან ესპანეთი დაიფრინა — 2:0.

პენალტები ლატარეააო, ამბობენ. გერმანიასთან იტალიას რომ გამართლებოდა, გვარიანად დაქოქილი შეიძლება ჩემპიონიც კი გამხდარიყო, მაგრამ იმ გუნდზე ლაპარაკს დღეს აზრი აღარ აქვს, რადგან ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა სხვაა.

34 წლის ლეონარდო ბონუჩი: „ჩვენ არ გვყავს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც თამაშის ბედს ინდივიდუალური ოსტატობით ერთ წამში გადაწყვეტს. უვარსკვლავო გუნდი გვყავს, მაგრამ მეტოქეებს შეგვიძლია ერთსულოვანი თამაშით მოვუგოთ”.

თავდასხმაში იტალიელებს 30 წლის ლორენცო ინსინიეს, 26 წლის დომენიკო ბერარდისა და 31 წლის ჩირო იმობილეს გამოცდილებისა და მობილურობის იმედი აქვთ. ამ სამმა ფეხბურთელმა სერია A-ს გასულ სეზონში, ჯამში 56 გოლი გაიტანა.

იტალიის ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესობა სერია A-ში თამაშობს. უცხოეთში მხოლოდ ოთხი კაცია: ალესანდრო ფლორენცი და მარკო ვერატი „პარი სენ ჟერმენში”, ხოლო ბრაზილიელები ემერსონი და ჟორჟინიო – „ჩელსიში”.

ბევრი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ იტალიის ნაკრების გამოსვლა ევრო 2020-ზე დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დამთავრდება პირველი თამაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დიდ ტურნირზე, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, „სკუადრა აძურა” საერთოდ ვერ მოხვდა.