დეკლან რაისი პირობას დებს, რომ თუ ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდება, ცხოვრებაში პირველად დალევს ლუდს. კვირას ინგლისელები ხორვატიას ხვდებიან, „ვესტ ჰემის” ნახევარმცველმა კი თავისი ნათქვამით ყველაფერი დაჩრდილა.

რაისმა თქვა: „იცით, რას გეტყვით? 22 წლის ვარ და ლუდი არ გამისინჯავს. ვფიცავ, სრული სიმართლეა. ხალხს უკვირს ამას რომ ვამბობ, მაგრამ ლუდის სუნი ისე მაღიზიანებს, რომ ახლოსაც არ ვეკარები”.

რაისს ჰკითხეს, მართლა დალევს თუ არა საძულველ სასმელს თუკი ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ს მოიგებს.

„დიახ. აუცილებლად ვცდი, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ გადმოვაფურთხებ.

სასმელს ათასში ერთხელ ვსვამ, მაგრამ ჩვენ, ფეხბურთელები ამ ცხოვრებას მაინც ვერიდებით. დალევა თუ გინდა, წადი და სხვა პროფესია აირჩიე.

ფეხბურთში ძალთა აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. შენ თუ თამაშის შემდეგ დათვრები, მეორე დღეს გაგიჭირდება.

კარიერის დამთავრებამდე ასეთი ცხოვრების წესის ერთგული ვიქნები. რას იზამ, ფეხბბურთელის ცხოვრებას თავისი წესი აქვს. ახალგაზრდობაში ბევრ წვეულებას აკლდები. როდესაც შინიდან, კინგსტონიდან (ლონდონის ზონაში, ეგრეთწოდებულ დიდ ლონდონში შედის) „ვესტ ჰემში” გადავბარგდი, 14 წლის ვიყავი და ეს დიდი მსხვერპლი იყო. ჩემი მეგობრები იკრიბებოდნენ, დროს ატარებდნენ და ვიდეოებს მიგზავნიდნენ, მე კი სასტუმროებიდან ვერ გამოვდიოდი”.

2018 წელს, როდესაც ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, დეკლან რაისი დუბაიში იყო დასასვენებლად.

„უზარმაზარი ფანზონა ჰქონდათ მოწყობილი. საოცარი ატმოსფერო იყო. მახსოვს, ვუყურე მატჩებს პანამასთან, ტუნისთან, შვედეთთან, ვმღეროდი ინგლისის ჰიმნს და ამ ღრიანცელის ნაწილი ვიყავი. ეს იყო ერთადერთი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ფანი ვიყავი და ის დღეები არასოდეს დამავიწყდება”, — მოყვა რაისმა.