მისი თამაში ჯერ კიდევ პატარაობიდან გვახსოვს, მაგრამ მამამისმა, ბადრი კვარაცხელიამ ისეთი ამბავი მოგვიყვა, ყველაფერი გადაფარა… თურმე ხვიჩა კვარაცხელია 13-14 წლის იყო, როცა დილის 7 საათზე სახლიდან გადიოდა, 6 ნომერ ავტობუსში ჯდებოდა და ორი კილომეტრის სიშორეზე „დინამოს“ აკადემიაში მიდიოდა სავარჯიშოდ. მერე სწრაფად ბრუნდებოდა სახლში  და სკოლაში წასვლას ასწრებდა.

ჰოდა, ასეთ ბავშვს მომავალში როგორ არ დაუფასდება?

დღეს ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია – „სარბიელისა“ და „ლიდერბეთის“ პრიზი ჩაიხუტა.  20 წლის შემტევს მთელი საქართველო იმედით უყურებს, მისი ბურთის მიღება და არაორდინალურის მოლოდინი ერთია, უბრალოდ საოცარია… გახსოვთ, დრიბლინგისას ესპანეთის ნაკრების ნაქები მცველებიც რა ცუდ დღეში ჩააგდო?!

სწრაფად, სწრაფად, სწრაფად – ცეცხლივითაა კვარა. ერთი გადახვევა და თავში ავარდნაც კი არ შეგვიმჩნევია მთელ იმ ერთ საათში, რაც საუბარს დავუთმეთ. ეტყობა, წესიერი და ზრდილობიანია.

– გილოცავთ საუკეთესოობას და ტრადიციული კითხვებით დავიწყოთ. ელოდით მოგებას?..

– დიდი მადლობა. გულის სიღრმეში ველოდი, მაგრამ საერთოდ პრიზების მოგებაზე ხშირად არ ვფიქრობ. სასიხარულოა, ძალიან ლამაზი პრიზია. გმადლობთ დაფასებისთვის.

– თქვენი ნება რომ ყოფილიყო, ვის დაასახელებდით საუკეთესოდ?

– ბევრმა ითამაშა კარგად, მაგრამ ჯაბა კანკავას გამოვარჩევ.

May be an image of 1 ადამიანი, playing a sport და ბალახი– საქართველოს ნაკრების კაპიტანზე ცოტა ვრცლად გვითხარით: ნაკრებში ადაპტაციაში რამდენად დაგეხმარათ?

– მოკლედ რომ ვთქვა, ჯაბას ყველაფერი აქვს, რაც საჭიროა კარგი ფეხბურთელისთვის და სამაგალითო ადამიანისთვის. ყველა ახალგაზრდისთვის გვერდში მდგომი და რჩევის მიმცემია.

– როგორც ვიცით, რელიგიური ადამიანი ხართ. რას ნიშნავს ეს ფეხბურთელისთვის?

– რწმენა. ეს გულშია და როგორც ყველა ნამდვილ ქრისტიანს, მეც მჯერა, რომ თუ რელიგიას პატივს სცემ, ფეხბურთშიც გაგიმართლებს. ვხვდები, რომ ასეა.

– საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდით, თუმცა მერე გუნდთან ერთად ვარჯიში შეწყვიტეთ. ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არაა?

– 99 პროცენტით მორჩენილია. შესაძლოა, ფსიქოლოგიური ფაქტორიც იყო. მაინც, სანამ ბოლომდე მზად არ ხარ, თავი უნდა შეიკავო თამაშისგან. ვატყობდი, სისწრაფეში ცოტა მიჭირდა. 4-5 დღეც და მზად ვიქნები.

– რუმინეთში მოგება… შეაფასეთ თამაში. (ინტერვიუ ნიდერლანდებთან მატჩამდეა ჩაწერილი…)

– შედეგი კარგია. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ. მეორეში კი ჩვენი უპირატესობა თითქმის ყველა კომპონენტში იგრძნობოდა.

– ვილი სანიოლი, მისი თავისებურებები… თქვენი შთაბეჭდილებები?

– ტაქტიკურად ძლიერი მწვრთნელია, შემოიტანა სიახლეები, ამასთან ფეხბურთელებს თავდაჯერებას მატებს. შემთხვევითი არაა, რომ ესპანეთს პირველ ტაიმში ვაჯობეთ. თან, სანიოლს ამხელა ფეხბურთი აქვს ნათამაშევი.

May be an image of ერთი ან მეტი ადამიანი, people playing football და ხალხი დგას– ეს მოქმედებს? ანუ, მეტი ავტორიტეტი?..

– ჩემი აზრით, მოქმედებს. როცა ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ნათამაშევი.

– ესპანეთთან მეორე ტაიმში შეგცვალეს. დაღლილობა?

– დიახ. მანამდე ვუთხარი სამწვრთნელო შტაბს, რომ ერთი შეცვლა დაეტოვებინათ. უკვე ვატყობდი, კუნთები მტკიოდა. მძიმე თამაში იყო. ამხელა გუნდთან…

– გიორგი ჩაკვეტაძეზე გკითხავთ: თქვენსავით „დინამოს“ აკადემიაში გაიზარდა და საწყენია, რომ ასე გააწვალა ტრავმებმა. თქვენზე უფროსია, მაგრამ გიწევდათ ერთად თამაში?

– თითქმის არა. პირველად, მგონი, ესტონეთთან ვითამაშეთ ერთად. ცუდია, რომ ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა, მაგრამ იმედია, ყველაფერი ცუდი უკან დარჩება. ძლიერი ფეხბურთელია, აკადემიაში სულ გამოირჩეოდა და ნაკრებში ხომ საერთოდ…

– ევროპის ჩემპიონატზე ვის უქომაგებთ? და პროგნოზიც გვითხარით.

– საფრანგეთი ფავორიტად მიმაჩნია. ვისკენ ვიქნები, ჯერ არ ვიცი, ასე გამოხატული ნაკრები არ მყავს.

– კლუბებში „რეალი“, ხომ?

– დიახ.

– რონალდუ თუ მესი?

– რა თქმა უნდა, ორივე ძალიან დიდია, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, რონალდუ უფრო მიყვარს. არ ვიცი, ეტყობა იმიტომ, რომ დიდი შრომის ფასად მიაღწია ამ ყველაფერს. ჯერ მარტო ის ავიღოთ, ოქროს ბურთებით 4:1-ს უგებდა მესი, მაგრამ რონალდუმ მოახერხა და გაუთანაბრდა. ახლა მესი ერთით წინაა, თუმცა მაინც.

– როგორ ფიქრობთ, დღევანდელ ფეხბურთში მხოლოდ ნიჭით შეიძლება ვარსკვლავი გახდე?

– ვერა. ნიჭი დაგჭირდება და რაღაც დონეს აგაწევინებს, მაგრამ თუ მიზანდასახული არ ხარ, ბევრს ვერ მიაღწევ.

– საქართველოში დავბრუნდეთ. ოჯახი, მამა ფეხბურთელი, უფროსი ძმა ფეხბურთს თამაშობდა და უმცროსი ახლა თამაშობს… მოგვიყევით თქვენს ყველაზე დიდ გულშემატკივრებზე.

– მამისგან, რა თქმა უნდა, ბევრი ვისწავლე. ბავშვობაში, როცა ზიდანზე, რონალდინიოზე და სხვებზე ლაპარაკობდნენ, მამა მათზე მაგარი მეგონა და სულ ვამბობდი, ყველას სჯობს მეთქი. თუმცა მამას ჩემთვის ფეხბურთელობა არასოდეს დაუძალებია. ვარჯიშებზე დედას დავყავდი…

აქ ბადრი კვარაცხელია ჩაერთო და ის ისტორია მოგვიყვა, რაც თავში დავწერეთ. ასევე ვკითხეთ, რა მსგავსებაა თამაშში მასსა და ხვიჩას შორის:

ბადრი: „მე ტიპიური ცენტრალური თავდამსხმელი ვიყავი. გოლი მიყვარდა. უფროსი შვილი უფრო მგავდა… ხვიჩა უფრო სიღრმიდან თამაშობს. ხომ ხედავთ, როგორ ეხმარება დაცვას. დღევანდელ ფეხბურთში ეს უფრო ფასობს, უკან ჩამოსვლა, შავი სამუშაო. ხვიჩას მარჯვენა მცველადაც აყენებდნენ. იშვიათად, მაგრამ მაინც. მე თავიდან ზარმაცი ვიყავი, ჩემი შესაძლებლობების 20 პროცენტი ვითამაშე. უკვე ასაკში ვიყავი, როცა მოვინდომე, საუკეთესო წლები უკვე წასული იყო“.

– ფილმები? კითხვა?..

– კინოს ნებისმიერ ჟანრს შემიძლია ვუყურო, გააჩნია ხასიათს. წიგნები კი, დეტექტივები მიყვარს. რუსულად კითხვა შემიძლია, მაგრამ ცოტა მიჭირს. აქედან მიმაქვს ხოლმე წიგნები…

– ალბათ, ღვინოც წაგიღიათ. რუსები გიჟდებიან ქართულ ღვინოზე…

– კი, წამიღია, მაგრამ მე არ ვსვამ.

– თქვენს აგენტზე, მამუკა ჯუღელზე მოგვიყევით. როგორ დაახასიათებთ?

– ჩემი და მთლიანად ჩვენი ოჯახის მეგობარია. 14-15 წლის ვიყავი, როცა გავიცანი და მას შემდეგ თანადგომას ვგრძნობ. ძალიან კარგი პიროვნებაა.

May be an image of 1 ადამიანი, შიგნით და ტექსტი, რომელიც შეიცავს 'didas 18 18'– თქვენი გატანილი გოლებიდან რომელია საუკეთესო?

– ცოტა მიჭირს გამორჩევა. კარგი გოლები გავიტანე, მაგრამ მაინც ალბათ რუსეთთან 17-წლამდელებში. ფინალში. და დასამახსოვრებელი და ხმაურიანი წლეულს ესპანეთთან.

– მამათქვენს მოყოლილი აქვს, რომ აზერბაიჯანში როცა მწვრთნელად მუშაობდა, პატარა იყავით და უფროსებთან გავარჯიშებდათ…

– დიახ, ორი-სამი წლით დიდებთან, თუმცა პატარა ვიყავი და კარგად არ მახსოვს.

– ყაზანი როგორი ქალაქია, მოგწონთ?

– საკმაოდ ლამაზია და ხალხიც თბილია.

– ჰოკეიში ძლიერი გუნდი ჰყავთ და თუ დადიხართ საყურებლად? ამბობენ, ახლოდან გაცილებით მაგარი საყურებელიაო…

– ვყოფილვარ, მაგრამ სიმართლე ვთქვა, არ ვგიჟდები ჰოკეიზე. კალათბურთი უფრო მიყვარს, „უნიქსი“ მშვენიერი გუნდია.

– რუსული სამზარეულო?

– კარგია. ბორშჩი და პელმენი მიყვარს…

– პრესას რამდენად ადევნებთ თვალს? ძალიან მოქმედებს, როცა თქვენზე არასწორ ინფორმაციას წერენ, ან გაკრიტიკებენ?..

– ყოფილა შემთხვევები, როცა მწყენია. თუმცა ყველას აზრს პატივს ვცემ. ცუდად თუ ვითამაშებ და ჟურნალისტიც ნეგატიურს დაწერს, ჩვეულებრივ ვიგებ. არ მესმის, როცა ამბობენ ფეხბურთელი ტყდებაო. პირიქით, ცუდს როცა ამბობენ შენზე, უფრო მოტივაციას უნდა გაძლევდეს.

ბოლოს კვარაცხელიამ, ავტოგრაფი დაგვიტოვა, 21 ნომერი დააწერა და ვკითხეთ, რატომ მაინცდამაინც ეს რიცხვი?.. „რუბინში“ ამ ნომრით თამაშობს და ნაკრებშიც.

„არ ვიცი… უბრალოდ მომწონს. არაფერს არ უკავშირდება. 21 და 7 მიყვარს“