„რეალის” მწვრთნელად კარლო ანჩელოტი დაინიშნა, თუმცა, მანამდე მადრიდის კლუბი აქტიურად განიხილავდა მისი თანამემამულის, ანტონიო კონტეს კანდიდატურას. „თაიმზის” პოდკასტ „სატრანსფერო ფანჯრის” წამყვანმა დანკან კესტლისმა თქვა, რომ „ლოს ბლანკოსის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი კონტესთან მოლაპარაკებებსაც კი აწარმოებდა, მაგრამ კინაღამ ფეხბურთელების აჯანყება გამოიწვია.

პერესს დაახლოებით ათი ფეხბურთელი დაკავშირებია და უთქვამს, თუ კონტეს მოიყვან, მე გუნდიდან წავალო. პრეზიდენტს რომ დაუნახავს გუნდი ეშლება, „იუვენტუსის”, „ჩელსის”, „ინტერის” და იტალიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელთან ურთიერთობა შეუწყვეტია და ანჩელოტიზე გადართულა.

მას მერე, რაც „ინტერი” სერია A-ს ჩემპიონი გახადა და დატოვა, კონტე თავისუფალია და ესპანეთის დედაქალაქში მუშაობა ძალიანაც აინტერესებდა.

ვინ არის ის ათი ფეხბურთელი, რომელმაც კონტეს გვარის გაგონებაზე ქოში უკუღმა ყარა, უცნობია, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ ერთ-ერთი მათგანი კაპიტანი სერხიო რამოსი იქნებოდა. 2018 წელს, როდესაც „რეალი” ასევე მწვრთნელის ძიებაში იყო და კონტეს კანდიდატურას განიხილავდა, რამოსი კატეგორიულად წინააღმდეგი გამოვიდა.

„პატივისცემა არ ინიშნება, მას მოპოვება უნდა. გასახდელში ავტორიტეტის ქონა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სამწვრთნელო საქმის ცოდნა”, — თქვა მაშინ რამოსმა.