„პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ კილიან მბაპეზე ჭორაობას წერტილი დაუსვა, არსად გადადისო.

22 წლის მბაპეს პარიზელებთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ანუ გაისად ამ დროს ეწურება და თუ მანამდე ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა, თავისუფალი აგენტი გახდება. ამიტომ წერდნენ წარამარა, რომ ფრანგი ფორვარდი „პარკ დე პრენსიდან” ამ ზაფხულს წავა და მას „რეალს” უკავშირებდნენ.

„ყველას გასაგონად, მკაფიოდ ვიტყვი, რომ მბაპე პარიზში რჩება, — თქვა პრეზიდენტმა, — ჩვენ მას არასდროს გავყიდით და არასდროს დავტოვებთ ხელშეკრულების გარეშე.

მბაპეს პარიზში აქვს ყველაფერი, რაც უნდა. ანდა, სად უნდა წავიდეს? განა დღეს, ამბიციურობით „პარი სენ ჟერმენს” რომელიმე კლუბი შეედრება?

შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ შეგვიძლია ახალ ხელშეკრულებამდე მივიდეთ.

აქ პარიზია, მისი მშობლიური ქალაქი. და მბაპეს მისია განა მხოლოდ ფეხბურთის თამაშია, მან აგრეთვე პოპულარიზაცია უნდა გაუწიოს საფრანგეთის ლიგას, თავის ქალაქსა და სამშობლოს”.