ქართველმა მოკრივეებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს დელეგაციას სამი ლიცენზია შემატეს. ამ ზაფხულს იაპონიის დედაქალაქში სახილ ალახვერდოვი (52), ესკერხან მადიევი (69) და გიორგი ხარაბაძე (75) გაემგზავრებიან.
ჩვენებმა ლიცენზიები პარიზში მოიპოვეს, თუმცა, ტურნირი ჯერ კიდევ შარშან ლონდონში დაიწყო და კოვიდ-პანდემიის გამო შეწყდა. წლეულს კი ინგლისმა ტურნირის გაგრძელებაზე უარი თქვა და ლიცენზიები პარიზში გათამაშდა.
სამივე მათგანს პირველი ბრძოლები ლონდონში ჰქონდათ მოგებული. ალახვერდოვმა მეორე წრეში სერბ დუშან ინჯიჩს სძლია და მეოთხედფინალში გასვლით ოლიმპიადის საგზური გაინაღდა. მედლებისა და სარეიტინგო ქულებისკენ გზა ფრანგმა ბილალ ბენამამ გადაუკეტა.
მადიევმა ბოსნიელ ადემ ფეტანოვიჩს აჯობა, მეოთხედფინალში კი, ბრიტანელ პეტ მაკკორმაკთან წააგო. ამ წონაში მეოთხედფინალი გარანტირებულ ლიცენზიას არ იძლეოდა, რადგან სულ ექვსი საგზური თამაშედებოდა, ამიტომ მადიევს ფლეი ოფის ჩატარება უკრაინელ ევჰენი ბარაბანოვთან მოუწია და ტოკიოს ბილეთი იქ დაუკვეთა.
ფინელ მუჰამად აბდილრასუნთან მოგებით დაიწყო პარიზის ტურნირი ხარაბაძემ, მაგრამ მეოთხედფინალში სომეხ არმან დარჩინიანთან დამარცხდა. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ობიექტურად. რადგან აქაც ექვსი ლიცენზია იყო გასათამაშებელი, ხარაბაძესაც ფლეი ოფი მოუწია, სადაც შვედ ადამ ჩარტოის მოუგო და ოლიმპიადაზე წასვლა გაინაღდა.
სამწუხაროდ, ლიცენზიის გარეშე დარჩა გიორგი ჭიღლაძე (+91), რომელსაც ლონდონში ბრძოლა არ ჩაუტარებია. პარიზში კი, მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო სერბ ვლადან ბაბიჩთან, შემდეგ კი ფრანგ მურად ალიევთან დამარცხდა. აქ ლიცენზიას მხოლოდ ნახევარფინალისტები იღებდნენ.