ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, გარეთ საუთგეიტი პრობლემის წინაშე დგას — ინგლისის ნაკრებში ტრავმიანობაა. გაჩნდა შიში, რომ ჯორდან ჰენდერსონმა და ჰარი მაგუაირმა შეიძლება მთელი ევრო 2020 გამოტოვონ.

დასრულდა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ოცნებაც — ავსტრიასთან ამხანაგურ შეხვედრაში (1:0) ბარძაყი იტკინა და შინ უნდა დაბრუნდეს. მის შემცვლელს საუთგეიტი კვირას, საქართველოს მიერ 2:1 დამარცხებულ რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ დაასახელებს.

პრესაში წერენ იმ სამარქფო მოთამაშეების გვარებს, რომლებიც შესაძლოა მწვრთნელმა გამოიძახოს. ესენია, ნახევარმცველები ჯეიმს უორდ-პრაუსი, ჯესი ლინგარდი და მცველები ბენ უაითი და ბენ გოდფრი.

როგორც ირკვევა, „ლივერპულის” ნახევარმცველმა ჰენდერსონმა საზარდულის ტრავმა მაინც ვერ მოიშუშა ბოლომდე, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურმა მცველმა მაგუაირმა თქვა, რომ მაისში ნატკენი კოჭი სულ ახლახან დაუამდა და მსუბუქი ვაჯიშები რამდენიმე დღის დაწყებული აქვს.

საუთგეიტი: „ვინაიდან ჰენდოს და ჰარის ამბავი თავიდანვე ვიცოდი, ყველაფერი ისე დავგეგმე, რომ მათი არყოფნის შემთხვევაში მინიმალურად დავზარალებულიყავით. 23 კაციანი სია რომ გვქონოდა, ყველაფერს სხვანაირად ავაწყობდით, 26 კაციან სიაში კი მეტი გამოუცდელი ახალგაზრდის ნაცვლად სათუო, მაგრამ გამოცდილი ვეტერანები ჩავწერე. თუ მოხერხდება, რომ ეს ორი ფეხბურთელი დაგვეხმაროს, ძალიან დიდი საქმე იქნება”.

როგორც ხედავთ, მწვრთნელი იმედს არ კარგავს, ოღონდ, მაგუაირი და ჰენდერსონი ხორვატიასთან პირველ შეხვედრაში რომ ვერ ითამაშებენ, ეს ფაქტია. პრესა კი წერს, რომ ხორვატიასთან კი არა, ჰენდო და ჰარი ჯგუფურ ეტაპში საერთოდ ვერ მიიღებენ მონაწილეობას.

ჰენდერსონს ავსტრიასთან თებერვლის შემდეგ პირველად უნდა ეთამაშა, მაგრამ მატჩის დილას მიზეზთა გამო კიდევ ერთი ექოსკოპიის გადაღება გახდა საჭირო.

საუთგეიტი ამბობს, რომ საკითხს რეალისტურად უყურებს, მაგრამ ეტყობა ჯერჯერობით მაინც ხავსს ეჭიდება.