გადაწყდა: „რეალს” იტალიელი კარლო ანჩელოტი გაწვრთნის. მადრიდელთა ყოფილი თავკაცი „სანტიაგო ბერნაბეუზე” ბრუნდება, რათა გუნდი თავისი ყოფილი ასისტენტისგან, ზინედინ ზიდანისგან ჩაიბაროს.

ზიდანის შემცვლელად ასახელებდნენ მასიმილიანო ალეგრის, ანტონიო კონტეს, მაურისიო პოჩეტინოს, რაულსა და ჩაბი ალონსოს, მაგრამ სამწლიან კონტრაქტს ხელი ანჩელოტიმ მოაწერა.

„მარკა” პირდაპირ წერს, რომ ის ფლორენტინო პერესისა და ხოსე ანხელ სანჩესის ყველაზე სასურველი კანდიდატი არ იყო, მაგრამ „თეთრების” დირექტორატისთვის ნათელი გახდა, რომ ალეგრის ან ვთქვათ პოჩეტინოს ვერ გადაიბირებდნენ და გადაწყვიტეს ანჩელოტიზე შეჩერებულიყვნენ.

კარლო ანჩელოტი ბოლოს „ევერტონს” წვრთნიდა. როდესაც „რეალის” ვარიანტი გამოჩნდა, იტალიელი მწვრთნელი და ინგლისური კლუბი მეგობრულად დაშორდნენ ერთმანეთს და 61 წლის სპეციალისტი დაბრუნდა იქ, სადაც 2013-15 წლებში მუშაობდა და პირველსავე სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

შემდეგ სეზონში „თეთრები” ტრავმებმა დაასუსტა, რის გამოც ანჩელოტიმ მნიშვნელოვანი ვერაფერი მოიპოვა და წავიდა. „სანტიაგო ბერნაბეუს” დიდების დარბაზში იტალიელმა დატოვა ერთი ჩემპიონთა ლიგა, ერთი ესპანეთის სამეფო თასი, ერთი კლუბთა მსოფლიო თასი და ერთიც უეფას სუპერთასი.

სტატისტიკოსები გვახსენებენ, რომ 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის იანვრამდე ანჩელოტის ხელმძღვანელობით „რეალმა” ზედიზედ 22 შეხვედრა მოიგო. ამ 22 შეხვედრაში გუნდმა გაიტანა 80 გოლი და გაუშვა მხოლოდ 10.

როდესაც ანჩელოტის თანამდებობიდან უშვებდნენ, კლუბში გამოჩნდნენ ფეხბურთელები, რომლებსაც მისი დარჩენა სურდათ. ასეთი იყო, მაგალითად თვით კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ დირექტორატმა მას ყური არ უგდო და გუნდი რაფა ბენიტესს ჩააბარა. ბენიტესმა ვერ გაამართლა, ამას კი უკვე ზიდანის დანიშვნა მოჰყვა და თუ რა მოხდა შემდეგ, ყველასთვის კარგად არის ცნობილი.

მიაქცევდით ყურადღებას, რომ კარლო ანჩელოტის ლა ლიგა არ მოუგია. სამაგიეროდ ის ოთხ სხვა ქვეყანაში გამხდარა ჩემპიონი და ახლა დანაკლისის ანაზღაურება სურს.

ზიდანისა და ვისენტე დელ ბოსკეს მსგავსად ანჩელოტისაც ფეხბურთელების მწვრთნელად იცნობენ. წარსულში თავადაც ტოპ-დონის ფეხბურთელი სუპერვარსკვლავებს კარგად ეგუება. მას ფეხბურთელების შეზღუდვა და მონოლითური ორგანიზმის ჭანჭიკებად გადაქცევა არ უყვარს.

„რეალში” კარლო ანჩელოტის ასისტენტობას, სავარაუდოდ, ალვარო არბელოა გაუწევს. „ლოს ბლანკოსის” სკოლაგამოვლილი არბელოა „რეალში” 2004-06 და 2009-16 წლებში თამაშობდა.