„რეალმა” ზინედინ ზიდანის პრეტენზიას პასუხი გასცა. ამას მადრიდული გაზეთი AS წერს.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, „ლოს ბლანკოსის” ფრანგმა ლეგენდამ გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც მან „რეალის” ფანებს მიმართა და სადაც განმარტა, თუ რატომ მიდის კლუბიდან. კლუბის შეფებისა და პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის გარემოცვის საპასუხო რეაქცია ასეთი იყო: მათი ინფორმაციით, პერესი ზიდანს, პირისპირ, ორი საათის განმავლობაში უმტკიცებდა, რომ ის „რეალიდან” არ უნდა წასულიყო და კონტრაქტით დარჩენილი წელიწადი ბოლომდე უნდა მიეყვანა, მაგრამ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის დაყოლიება შეუძლებელი აღმოჩნდა.

როგორც ირკვევა, „რეალის” ბოსები განსაკუთრებით იმან გააღიზიანა, რომ ზიდანმა მათ შორის არსებული გაუგებრობა გაასაჯაროვა. თუმცა, „რეალის” თავკაცობა დასძენს, ფლორენტინოს ზინედინ ზიდანი, როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი, კვლავ „თეთრების” გმირად მიაჩნიაო.

„რეალის” ხელმძღვანელობა არ აპირებს ჩემპიონთა ლიგის სამგზის ტრუიმფატორ მწვრთნელს პოლემიკა გაუმართოს. ამბობენ, ის, რასაც ფრანგმა, როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა, ჩვენთვის გააკეთა, მხოლოდ აღფრთოვანების ღირსიაო.

თუმცა, AS-გან განსხვავებით, „მარკა” წერს, რომ კლუბს მაინც წამოცდა კონკრეტული პრეტენზიები ზიდანის მიმართ. კერძოდ, ისინი ამბობენ, რომ მწვრთნელმა მარტინ ოდეგორი და ლუკა იოვიჩი ჯიუტად არ ათამაშა, არ მოარგო „თეთრების” ძირითად შემადგენლობას.