ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი

გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების საბოლოო, 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და ადგილობრივმა მას-მედიამ ყველაზე დიდი ყურადღება მასში ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მოხვედრაზე გაამახვილა. ლივერპულელს სეზონის ბოლო იმდენად ეფექტური ჰქონდა, რომ ეროვნული გუნდის თავკაცმა ევრო 2020-ზე წამსვლელი ვარსკვლავების მარაქაში გარია.

არადა, პრესაში დიდხანს მარჩიელობდნენ, რომელ მარჯვენა მცველს დატოვებდა საუთგეიტი შინ. თურმე, არავისაც არ ტოვებს, ოთხივე მიჰყავს და ახლა ალექსანდერ-არნოლდს დიდი კონკურენცია მოუწევს კაილი უოქერთან, კიერან ტრიპიერთან და ჩემპიონთა ლიგის მფლობელ რის ჯეიმსთან.

გარეთ საუთგეიტი ამბობს, მეტი მაღალი დონის განაპირა მცველი რომ მყოლოდა, მათაც წავიყვანდიო და თავის პოზიციას ერთი შეხედვით მარტივად ხსნის:

„ისინი ნაკრებში იმიტომ მოხვდნენ, რომ ჩვენი ქვეყნის 26 საუკეთესო ფეხბურთელს შორის არიან. მეხუთე და მეექვსე მაღალი დონის მარჯვენა მცველი რომ მყოლოდა, მათაც წავიყვანდი.

ეს ბიჭები თავიანთ კლუბებში ტაქტიკური ნაირგვარობით გამოირჩევიან. კიერანს მთელ მარჯვენა ფრთას აბარებენ ხოლმე, რისს მარჯვნიდან თამაში სამკაციან დაცვაშიც შეუძლია და კლასიკურ ოთხკაციან დაცვაშიც. ტრენტი კლასიკური მარჯვენა მცველია, კაილი კი მარჯვენა ნახევარმცველადაც გამოგვიყენებია და მცველადაც.

ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ცხრა თამაშის ჩატარებას ვაპირებთ, არადა, რამდენიმე ფეხბურთელის ჯანმრთელობაში ბოლომდე დარწმუნებული კიდევ არ ვართ. ამიტომაც გვყავს შეკრებილი მაღალი დონის მოთამაშეები, რომლებიც ტაქტიკურად მოქნილები არიან ანუ სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლიათ თამაში და ახალგაზრდობისა და ვეტერანების კარგ ნაზავს წარმოადგენენ”.

ხოლო, ფეხბურთელი, რომლის ნაკრებს მიღმა დატოვებამ ასევე ყველაზე დიდი „ჩოჩქოლი” გამოიწვია, გახლავთ „ვესტ ჰემის” ჯესი ლინგარდი. მას და კიდევ შვიდ ფეხბურთელს მიუვიდათ შეტყობინება, რომ ნაკრების ხელმძღვანელობა წუხს, მაგრამ მათ ევროპის ჩემპიონატზე ვერ წაიყვანს.

საუთგეიტი: „ჯესიმ ბოლო თვეებში ძალიან დიდი სამუშაო გაწია, რადგან იანვარში ნაკრებისგან მილიონი მილით იყო დაშორებული. შემდეგ, მან ჩინებულად ითამაშა „ვესტ ჰემში” და კარგად თავი გამოიჩინა ჩვენთანაც. ჩვენ მას ძლიერ ფეხბურთელად მივიჩნევთ. ვინაიდან დღეს სანჩო დაშავებული გვყავს, ლინგარდს ავსტრიასთან ამხანაგურ შეხვედრაში ვათამაშებთ და საშუალებას მივცემთ რომ ჩემი გადაწყვეტილების სიმცდარე დამიმტკიცოს. ის შვიდი ბიჭი, რომლებიც 26 კაცში არ შევიყვანე, ჩვენს სამარქაფო სიაში არიან და ჩვენ მათ ვენდობით”.

ავსტრიის შემდეგ, ინგლისი ბოლო ამხანაგურ მატჩს გამართავს საქართველოს ნაკრების დღევანდელ მეტოქესთან, რუმინეთთან.

ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში ინგლისთან ერთად არიან ხორვატია, ჩეხეთი და შოტლანდია. პირველი თამაში ინგლისელებს 13 ივნისს ხორვატებთან ელით.

ინგლისის ნაკრები.

მეკარეები: დინ ჰენდერსონი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), სემ ჯონსტონი (ვესტ ბრომვიჩი);

მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ბენ ჩილუელი (ჩელსი), კონორ კოდი (ვულვერჰემპტონი), რის ჯეიმსი (ჩელსი), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტაირონ მინგსი (ასტონ ვილა), ლუკ შოუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯონ სტოუნზი (მანჩესტერ სიტი), კიერან ტრიპიერი (ატლეტიკო), კაილი უოქერი (მანჩესტერ სიტი);

ნახევარმცველები: ჯუდ ბილინგემი (დორტმუნდი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), მეისონ მაუნტი (ჩელსი), კელვინ ფილიპსი (ლიდს იუნაიტედი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი);

თავდამსხმელები: დომინიკ კელვერტ-ლევინი (ევერტონი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ჯეკ გრილიში (ასტონ ვილა), ჰარი კეინი (ტოტენჰემ ჰოთსპური), მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ბუკაიო საკა (არსენალი), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).