ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ჩელსი” მზად არის „ინტერისგან” იყიდოს ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ, რომელიც „სტემფორდ ბრიჯზე” 2011-14 წლებში უკვე თამაშობდა.

მომავალი სეზონის წინ, „ლურჯებს” ახალი ცენტრალური თავდამსხმელის შეძენა სურთ და მიაჩნიათ, რომ ლუკაკუს გადაბირება სხვების გადაბირებაზე ადვილია.

თომას ტუხელის ხელში დასავლეთლონდონელები კარს შესანიშნავად იცავენ, მაგრამ შეტევაში პროდუქტიულობა აკლიათ — 30 შეხვედრაში, ერთ მატჩში ორ გოლზე მეტი მხოლოდ ერთხელ გაიტანეს. ამრიგად, თუ გერმანელი მწვრთნელი პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტის” ბატონობის დამხობას აპირებს, მეტოქეთა კარებს უფრო მწვავედ უნდა შეუტიოს.

ლუკაკუმ კი გასულ სეზონში, „ინტერის” შემადგენლობაში, 33 გოლი გაიტანა და „ნეროაძურის” ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და მზად არის კარგი შემოთავაზების შემთხვევაში ბომბარდირის გაყიდვაზე დაფიქრდეს.

ყველაზე მეტად ტუხელს „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” ჰარი კეინის ყიდვა უნდა, მაგრამ ინგლისის ნაკრების კაპიტნის „ჩელსიში” გადასვლა ლონდონურ კლუბებს შორის არსებული ჯიბრის გამო დაუჯერებელი ჩანს.

რასაკვირველია, ტუხელს ძალიან უნდა ნორვეგიელი ვარსკვლავის, 20 წლის ერლინგ ჰოლანდის ყიდვაც, მაგრამ დასავლეთლონდონელთა მრჩეველების აზრით, 28 წლის ლუკაკუს ყიდვა „დორტმუნდის” ფორვარდის ყიდვაზე უფრო რეალისტურია.

ზემოთ ვახსენეთ, რომ რომელუ ლუკაკუ 2011-14 წლებში უკვე თამაშობდა „ჩელსიში”. „სტემფორდ ბრიჯზე” რომ მივიდა ბელგიელი 18 წლის იყო, მაგრამ სამმა წელმა ისე განვლო, რომ სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ ათამაშეს. ამავე პერიოდში, იჯარით გასხვისებული ლუკაკუ გაცილებით პროდუქტიული იყო „ვესტ ბრომვიჩ ალბიონსა” და „ევერტონში”. 2014 წელს მან „ევერტონთან” 28 მილიონ გირვანქად შეფასებულ რეგულარულ კონტრაქტსაც მოაწერა ხელი და შემდეგი სამი წელი „გუდისონ პარკზე” დარჩა. შემდეგ კი მის კარიერაში იყო „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ინტერი”.

დღეს, რომელუ ლუკაკუ კარიერის მწვერვალზეა. „ინტერს” ის 100 მილიონ გირვანქად ჰყავს შეფასებული, თუმცა „ჩელსი” შეეცდება ეკონომიკურ სირთულეებზე ითამაშოს და მილანელებს ფასი დააკლებინოს.