საქართველოს რაგბის კავშირის ირგვლივ სკანდალები არ წყდება. თუმცა, ამჯერად უფრო მასშტაბურ შარში გაეხვა.

როგორც ირკვევა, ლიეტუვის შვიდკაცა ნაკრები საქართველოში ამხანაგური შეხვედრებისთვის იმყოფებოდა და ჩვენს ეროვნულ გუნდთან უნდა ეთამაშა. მატჩები არ შედგა. თავად ლიეტუველთა თქმით, ქართულმა მხარემ ნაკრებში კოვიდ-ინფიცირებული მორაგბეები მოიმიზეზა, აეროპორტში კი არავინ დახვდათ.

საბოლოოდ, ლიეტუველები სამ ქართულ კლუბს შეხვდნენ. ლიეტუვის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირმანტას კუკულსკისი ამბობს, რომ ქართულმა მხარემ მათ მიმართ სრული იგნორირება და უპატივცემულობა გამოიჩინა.

„ჯერ კიდევ თბილისის აეროპორტში არავინ დაგვხვდა. თქვეს რომ პრობლემები ჰქონდათ და ვერ დავეხმარებოდნენ. მეტი არაფერი უთქვამთ. არ მინდა კიდევ ბევრი ვთქვა, მაგრამ ეს ძალიან უცნაური იყო. ჩვენს ქვეყნებს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. მიუხედავად ამისა, არ მგონი რომ შემდგომში ვითანამშრომლოთ, რადგან ეს იყო ყველაზე დიდი უპატივცემულობა. საქართველოში ერთი პირიც კი არ გამოგვიყვეს, რომ დაგვხვედროდა. მადლობას ვუხდით კლუბებს, რომლებიც საკუთარი ინიციატივით დაგვეხმარნენ“, – განაცხადა კუკულსკისმა.

თავად საქართველოს რაგბის კავშირი ამ თემასთან დაკავშირებით ყველაფერს უარყოფს და განცხადების გაკეთებას მოგვიანებით აპირებს…