No description available.საფრანგეთის სარაგბო სეზონი თანდათან ფინიშს უახლოვდება და თუ ტოპ 14-ში რეგულარულის ბოლო ტური და პლეი-ოფია დარჩენილი, პრო დ 2-ში ჩემპიონისა და შესაბამისად, ტოპ 14-ის ავტომატური საგზურის მფლობელის ვინაობის გამოსარკვევად ერთი მატჩიღა რჩება სათამაშო.

კვირას საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონში ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. პირველი შეხვედრა ფრანგულ კატალონიაში შედგა, სადაც ადგილობრივმა „პერპინიანმა“ „ოიონას“ უმასპინძლა და ზედმეტი დაძაბვის გარეშე 27:15 დაამარცხა. პერპინიანელთა შორის კვლავ არ გამოჩენილან ტრავმირებული ქართველები დუდუ ქუბრიაშვილი და ვახტანგ ჯინჭარაძე, ხოლო დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში ვეტერანი ირაკლი მირცხულავა იყო, ვინც 35-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ბექა კაკაბაძე თამაშში მის დასრულებამდე შვიდიოდე წუთით ადრეღა ჩართეს.

მეორე ნახევარფინალი კი ვანში გაიმართა და არნახულად დრამატულად დასრულდა. „ვანი“ ბასკურ „ბიარიცს“ მასპინძლობდა და თამაშის დასრულებამდე სულ რაღაც 8 წუთით ადრე ერთობ კომფორტულადაც იგებდა – 30:22, მაგრამ სწორედ ამ მომენტში მასპინძლებს ინგლისელი მეორეხაზელი გაუძევეს და „ბიარიცმა“ რიცხობრივი უპირატესობა ქულებად აქცია – ჯერ ერთი ლელო გაქვითა, რომელიც ვერ გარდასახა, მერე ჯარიმა გაუშვა და უკვე გაწითლებულ დროში, მეხუთე გადაცილებულ წუთზე ხანგრძლივი შტურმი ლელოთი დააგვირგვინა!

დარჩა გარდასახვის ზუსტად შესრულება და მგეზავმა ჟილ ბოშმაც არ ააცილა – 34:33 ბასკური კლუბის სასარგებლოდ!

ჩვენთვის ეს ამბავი იმიტომაა საინტერესო, რომ ბასკთა ამ წარმატებაში ორმა ქართველმაც შეიტანა წვლილი – ბორჯღალოსანმა თორნიკე ჯალაღონიამ და ნაკრების უახლოეს რეზერვში მოაზრებულმა უშანგი ჭეიშვილმა. პირველი სასტარტოში იყო და 62-ე წუთამდეც საუცხოოდ ითამაშა, ხოლო მეორეს სათადარიგოთა სკამიდან წამოდგომა უკვე მე-5 წუთზე მოუწია. ჭეიშვილი მოედანზე თამაშის ბოლომდე დარჩა და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო თავის გუნდში. ვახტანგ ახობაძე კი მარქაფაში, დაუსაქმებელი დარჩა.

ამრიგად, საფრანგეთის პრო დ2-ის ფინალი კატალონიურ-ბასკური იქნება და იმედია, ცოტათი ქართულიც. ლიგის ჩემპიონი ტოპ 14-ში პირდაპირ აღზევდება, ხოლო დამარცხებულს მოუწევს პლეი-ოფი ტოპ 14-ის ბოლოსწინაადგილოსანთან, რომელიც ან ბექა გორგაძის მომავალი კლუბი „პო“ იქნება, ან კოტე მიქაუტაძის „ბაიონი“. ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა, რომელიც პრო დ2-ის ფინალის პარალელურად დამდეგ უქმეებზე გაიმართება.