Setanta Sports Georgiaშაბათს ბათუმში საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური მატჩი უნდა გამართულიყო ადგილობრივ კლუბსა და თბილისის „აკადემიას“ შორის, მაგრამ, სამწუხაროდ, თამაში ჩაიშალა.

დათქმულ დროს გუნდები შევიდნენ ბათუმის სტადიონის მოედანზე, ცენტრში კაპიტნებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გასახდელისკენ გაემართნენ.

მიზეზი კი ქართველი სარაგბო მსაჯების გაფიცვა იყო – ასეთი რეაქცია ჰქონდათ ამ პროფესიის წარმომადგენლებს ზოგიერთი მათი კოლეგის მიმართ აგრესიის ფაქტებზე კომპეტენტური ორგანოებისგან უსამართლო დამოკიდებულებაზე.

როგორც ირკვევა, საქართველოს მსაჯთა კოლეგია გაფიცვას რამდენიმე კვირით ადრეც აპირებდა, როცა ერთ-ერთი გვერდითი მსაჯი კლუბ „ივერიას“ მორაგბეებმა სასტიკად სცემეს – დაადანაშაულეს რა ეს მსაჯი თავის მარცხსა და პირველი ლიგიდან რეგიონალურში გავარდნაში. მსაჯთა კორპუსი ამ კლუბის ჩემპიონატიდან დისკვალიფიკაციას ითხოვდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

მსაჯების გაფიცვა - ბათუმში რაგბის ჩემპიონატის ნახევარფინალი ჩაიშალა | TV  პირველი
ბათუმში, მატჩი მსაჯების პროტესტის გამო ჩაიშალა

მსაჯთა მოთმინების ფიალა, როგორც ჩანს, იმ ფაქტმა აავსო, რომ მეორე ნახევარფინალში, რომელიც შაბათსვე ქუთაისში უნდა გამართულიყო და რომელშიც ადგილობრივ „აიას“ ბოლნისის „ყოჩებისთვის“ უნდა ემასპინძლა, სტუმართა გუნდის განაცხადში ფიგურირებდა მავანი მორაგბის გვარი, რომელსაც ამას წინათ კიდევ ერთ მსაჯზე უძალადია, მაგრამ ბოლნისელი მოთამაშე დაუსჯელი დაუტოვებიათ…

და რაგბის კავშირი ჯერჯერობით სდუმს. აი, ასეთი ამბებია დიდ 10-ში. არადა, გასავარდნი პლეი-ოფი კვირას ქუთაისშივე უნდა გაიმართოს („არესი“ – „არმია“) და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მსაჯთა ბოიკოტი ამ თამაშსაც ჩაშლის.

არაოფიციალური წყაროები ირწმუნებიან, ნახევარფინალები მომავალ შაბათს გაიმართებაო, ხოლო გასავარდნ-დასარჩენი პლეი-ოფი – მომდევნო კვირას.