
გარი ლინეკერი ტელეომპანია BT Sport-იდან მიდის. მიზეზი: ლეგენდარულ ფეხბურთელსა და არანაკლებ სახელოვან ტელეწამყვანს მომავალ სეზონში თავის ოთხ ვაჟთან ერთად „ლესტერის” ევროპულ თამაშებზე სურს სიარული. ყოფილმა თავდამსხმელმა, რომელიც უკვე 60 წლისაა და რომელსაც BT Sport-ზე 2015 წლიდან ჩემპიონთა ლიგის რეპორტაჟები მიჰყავს, თავისი გადაწყვეტილების შესახებ ტვიტერზე დაწერა.
„მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” შორის ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი ფინალი ამ კონკრეტულ მაუწყებელზე, მისთვის ბოლო იქნება.
ტვიტში, რომელიც ლინეკერმა გამოაქვეყნა, ის BT Sport-ს დიდ მადლობას უხდის და წერს, რომ ამაყობს ამ შესანიშნავ ტელევიზიაში ექვსი წელიწადი რომ გაატარა.
„მაგრამ, ვფიქრობ დადგა დღე, როდესაც მე უნდა გავაკეთო ის, რასაც საკუთარ თავს დავვპირდი: ჩემს ვაჟებთან ერთად დავესწრო „ლესტერის” ყველა საერთაშორისო თამაშს. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი შესაძლებლობა გვექნება?”
გარი ლინეკერს ოთხივე ვაჟი პრველი ქორწინებიდან ჰყავს.
„ლესტერ სიტის” ერთგულ ფანს 1978-85 წლებში (სანამ „ევერტონს”, „ბარსელონას”, „ტოტენჰემსა” და იაპონურ „ნაგოია გრამპუსს” მოივლიდა) „მელიების” მაისურით, მარტო ინგლისის ჩემპიონატში 95 გოლი აქვს გატანილი. ლინეკერმა 1984-92 წლებში, ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 48 გოლი შეაგდო. 6 გოლით ის იყო მექსიკაში გამართული 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.
„ლესტერ სიტი” მომდევნო სეზონში ევროლიგაში გამოვა. გუნდს ჩემპიონთა ლიგამდე სულ ცოტა დააკლდა — მეოთხე ადგილზე გასულ „ჩელსის” 1 ქულით ჩამორჩა. გარდა ამისა, „ლესტერმა” ისტორიაში პირველად მოიგო ფეხბურთის ასოციაციის თასი. მანამდე ოთხი ფინალი ჰქონდა წაგებული.