გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელია.

ეს, მით უფრო დიდი მიღწევაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ესპანურ ლიგაში NBA-ს ახლო წარსულის ვარსკვლავები – პაუ გასოლი, ნიკოლა მიროტიჩი, რუდი ფერნანდესი და სხვები ირჯებოდნენ.

ლიგა ენდესას მესვეურებს გამოსაკითხად 4 სეგმენტი ჰქონდათ – გულშემატკივრები, ჟურნალისტები და ესპანური ლიგის მწვრთნელები და კალათბურთელები. თითოეულს 25-პროცენტიანი ძალა ჰქონდა.

შერმადინმა გულშემატკივართა გამოკითხვა რომ მოიგო, უკვე ვწერდით, ახლა მტავარი იყო დარჩენილი სამი სეგმენტის შედეგები და…

საბოლოოდ, შერმადინმა ყველა დანარჩენი სეგმენტიც მოიგო და გულშემატკივრებისგან, ჟურნალისტებისგან, მწვრთნელებისგან და კალათბურთელებისგან 100 პროცენტი მიიღო.

შერმადინი მიმდინარე სეზონში 14-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, რაც ყველაზე მეტია ლიგაში. ქართველი ცენტრი სამ-სამჯერ იქნა დასახელებული ტურის და თვის საუკეთესო კალათბურთელად – ოქტომბერში, იანვარში და მარტში. საერთო სარგებლიანობის ინდექსით, რითაც მატჩის საუკეთესო მოთამაშეს ავლენენ, შერმადინი ლიგაში პირველ ადგილზე გავიდა.

გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა ესპანური ლიგის სიმბოლური ხუთეულიც, რომელიც ასე გამოიყურება:

მარსელიონიო ჰუერტასი (ტენერიფე), პიეირა ანრი (ბასკონია), ხაბი ლოპეს-აროსტეგუი (ხუვენტუდი), გიორგი შერმადინი (ტენერიფე), ედი ტავარეში (რეალი).

დაჯილდოვება ესპანეთის უმაღლეს წერტილში, მთა ტეიდეზე შედგა, რომელიც კუნძულ ტენერიფეზე მდებარეობს.