პოლონეთის ქალაქ გდანსკში, „ვილიარეალმა” „მანჩესტერ იუნაიტედთან” ევროლიგის ფინალის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 ითამაშა, პენალტების სერიაში კი 11:10 მოიგო.
ეს გახლდათ „ვილიარეალის” პირველი გამარჯვება ევროშეჯიბრებაში, რომელიც გუნდმა უკიდურესად დრამატულად მოიპოვა: ესპანეთის მეშვიდე გუნდმა ინგლისის მეორე გუნდს თერთმეტივე პენალტი გაუტანა. მათგან ბოლო, მეკარე ხერონიმო რულიმ შეაგდო, რომელმაც, შემდეგ, კოლეგის დავიდ დე ხეას დარტყმა მოიგერია და გუნდს ტიტული მოაგებინა.
თამაში „მანჩესტერ იუნაიტედის” უპირატესობით დაიწყო. „ყვითელი წყალქვეშა ნავი” თავის ნახევარს მიეჯაჭვა, მაგრამ თანდათანობით გონს მოეგო და პაუ ტორესმა კარლოს ბაკას ჩაწოდებულს სახიფათოდ დაჰკრა თავური.
დროის მსვლელობასთან ერთად „ვილიარეალი” თამამდებოდა, რაც 29-ე წუთზე მანჩესტერელთა კარში გატანილი გოლით დასრულდა — დანი პარეხოს მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი ხერარდ მორენომ კარში შეაგდო.
დაწინაურებულმა „ვილიარეალმა” გადაწყვიტა დაცვაში კომპაქტურად ჩამჯდარიყო და კონტრშეტევაზე გამოჭერის იმედით სახელოვანი ინგლისელი მეტოქისთვის შეტევის საშუალება მიეცა.
პირველი ტაიმი დასრულდა 1:0. შესვენების შემდეგ კი უნაი ემერის გუნდმა მეტი სითამამე გამოავლინა და მალე კინაღამ მეორე გოლიც შეაგდო — ბაკას ჰქონდა თავის გამოჩენის შესაძლებლობა.
შემდეგ კი „მანჩესტერ იუნაიტედმა” გაათანაბრა. პრემიერლიგელთა გოლიც სტანდარტულიდან დაიწყო: ინგლისელებმა კუთხური ჩააწოდეს, ესპანელებმა ბურთი ხეირიანად ვერ მოიგერიეს და ედინსონ კავანიმ არეულობით ისარგებლა — 1:1. ეს მოხდა 55-ე წუთზე.
„იუნაიტედი” უფრო მძლავრი, აგრესიული გუნდის შთაბეჭდილებას სტოვებდა. მას ორჯერ შეეძლო გოლის გატანა. პირველად, როდესაც მარკუს რეშფორდმა ვერ შეძლო აშკარა საგოლე მდგომარეობიდან კარში დამიზნება, მეორედ კი როდესაც ლუკ შოუს ჩაწოდებულს ისევ კავანიმ დაარტყა, ამჯერად თავური, მაგრამ ბურთი… პაუ ტორესს მოარტყა.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თამაშის ძირითადი და დამატებითი დროის განმავლობაში გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვეღარ მოახერხა. ყურადღება მიიპყრო იმან, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” პირველი ცვლილება დამატებით დროში, მე-100 წუთზე განახორციელა, როდესაც „ვილიარეალს” უკვე ხუთი ფეხბურთელი ჰყავდა შეცვლილი. სულ „იუნაიტედმა” ხუთი ფეხბურთელი შეცვალა, „ვილიარეალმა” კი ექვსი.
ბოლოს დაინიშნა თერთმეტმეტრიანების სერია. მეტოქეებმა პირველი ათ-ათი(!) დარტყმა გაუტანეს ერთმანეთს, ბოლოს კი მეკარეთა ზემოხსენებული დრამა დატრიალდა: „ვილიარეალის” არგენტინელმა გოლკიპერმა, „მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელ კარის მცველს აჯობა.