უეფას ცნობით, ევროპის სუპერლიგის შექმნისა და არსებული საფეხბურთო სტრუქტურების დარღვევის მცდელობის გამო იწყება „რეალის”, „ბარსელონას” და „იუვენტუსის” სადისციპლინო პროცესი.

თავიდან, სუპერლიგის პროექტში 12 კლუბი მონაწილეობდა, მაგრამ ამ სამის გარდა ყველამ უკან დაიხია და უეფას ხელახლა შეჰფიცა ერთგულება. შესაბამისად, დასასჯელი ეს სამეულია.

უეფას ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მისმა ეთიკისა და სადისციპლინო საკითხთა ექსპერტებმა ჩაატარეს  „ეგრეთწოდებულ სუპერლიგასთან” დაკავშირებული გამოძიება და დაადგინეს, რომ არსებული საფეხბურთო ფორმატის დარღვევის მცდელობის გამო, უნდა დადგეს სწორედ „რეალის”, „ბარსელონასა” და „იუვენტუსის” დასჯის საკითხი.

შეგახსენებთ იმ კლუბებს, რომლებიც ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად მშრალად გამოვლენ წყლიდან, მაგრამ საკმარისია სუპერლიგისადმი ოდნავი სიმპათია გამოამჟღავნონ, რომ სერიოზულად დაჯარიმდებიან და დისკვალიფიკაციასაც მიიღებენ. ესენია: „მანჩესტერ სიტი”, „მანჩესტერ იუნაიტედი”, „ლივერპული”, „ჩელსი”, „არსენალი”, „ტოტენჰემი”, „მილანი”, „ინტერი” და „ატლეტიკო”.

ამ კლუბებმა დანაშაულის გამოსასყიდად გადაწყვიტეს ერთობლივად 15 მილიონი ევრო გადარიცხონ ბავშვთა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის. ისინი აგრეთვე თანახმანი არიან, მომავალ სეზონში, უეფას ტურნირებიდან მიღებული შემოსავლის 5 პროცენტი ფეხბურთის განვითარების საქმისთვის გადადონ.

„რეალი”, „ბარსელონა” და „იუვენტუსი” კი დანარჩენებს არ შეუერთდნენ და მათგან განსხვავებით საერთო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც სუპერლიგა დაიცვეს.

შედეგად, უეფა ამ სამეულის დასჯას აპირებს. ზოგი წყაროს თანახმად, მათ ორი წლით აუკრძალავენ ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობას.