გუშინ, რონალდ კუმანი სამსახურიდან არ გაუშვიათ. ვნახოთ, რა მოხდება რამდენიმე დღის მერე.

ამბობდნენ, რომ „ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კუმანს ვერდიქტს სამშაბათს გამოუტანდა: ან დატოვებდა მწვრთნელის თანამდებობაზე, ან მოხსნიდა. სინამდვილეში კი სულ სხვა რამ მოხდა. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, ნახევარი საათი ილაპარაკეს, გასული სეზონი შეაფასეს და რამდენიმე დღეში ახალი შეხვედრა დათქვეს.

კატალონიური პრესა წერს, რომ ამ ხერხით ლაპორტამ კიდევ დრო მოიგო. სამშაბათს, სანამ კუმანსა და მის აგენტ რობ იანსენს შეხვდებოდა, პრეზიდენტი თავის მარჯვენა ხელს რაფა იუსტესა და ფეხბურთის დირექტორ მატეუ ალემანის ელაპარაკა.

კუმანი პრეზიდენტის კაბინეტში საღამოს ცხრის ნახევარზე შევიდა და რომ გამოვიდა ცხრას ოდნავ იყო გადაცილებული.

ახლა, ლაპორტამ უნდა გადაწყვიტოს სტოვებს კუმანს თუ მის ნაცვლად სხვა მოჰყავს. თუ სხვა მოჰყავს, მაშინ ისიც უნდა გაირკვეს, თუ ვინ დაიკავებს „ბარსას” მწვრთნელის თანამდებობას.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, გაუშვებენ კუმანს თუ დატოვებენ, ჰოლანდიელს კონტრაქტით გათვალისწინებული 8 მილიონი ევრო მაინც ეკუთვნის. მისი ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით არის ძალაში.