ესპანეთში წერენ, რომ ზინედინ ზიდანი სავარაუდოდ „რეალის” მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს და მადრიდული კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მისი შემცვლელის მოძებნა დასჭირდება. სხვადასხვა კანდიდატთა შორის ერთ-ერთი ჩაბი ალონსოც ყოფილა.

ბასკი სპეციალისტი, რომელიც 2004-09 წლებში „ლივერპულის”, 2009-14 წლებში „რეალის”, ხოლო 2014-17 წლებში „ბაიერნის” ფეხბურთელი იყო, „რეალ სოსიედადის” B გუნდს უდგას სათავეში და ის ისტორიაში მეორედ ლა ლიგა 2-ში გადაიყვანა. ასეთ მაღალ დონეზე „რეალ სოსიედადის” მეორე გუნდს მხოლოდ 1960 წელს უთამაშია.

ცხადია, რომ ჩაბი ალონსო ნაკლებად გამოცდილია ვიდრე სხვა კანდიდატები, მაგალითად იტალიელები მასიმილიანო ალეგრი და ანტონიო კონტე, მაგრამ პერესი მას ენდობა, „რეალის” კაცად მიაჩნია.

რაკიღა სიტყვა მადრიდისტებზე ჩამოვარდა, შეგახსენებთ, რომ ზიდანის შემცვლელად აგრეთვე განიხილავენ „ლოს ბლანკოსის” ლეგენდას რაულს.

ჩაბი ალონსოს გერმანულ ბუნდესლიგაში, კერძოდ „მიონხენგლადბახშიც” სთავაზობენ გადასვლას, თუმცა არ არის გამორიცხული მან ჯერ ბასკეთში ამჯობინოს დარჩენა და „რეალი სოსიედადის” B გუნდთან კიდევ ერთი წლით განაახლოს კონტრაქტი.