გერმანიის ფეხბურთის კავშირმა მიუნხენის „ბაიერნის“ აწ უკვე ყოფილ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკთან 2024 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.
56 წლის ფლიკი გერმანიის ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს. გერმანელთა მომავალი მწვრთნელი 2006-14 წლებში გუნდის ამჟამინდელი თავკაცის, იოაჰიმ ლიოვის თანაშემწე იყო და, შესაბამისად, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ტრიუმფატორიც გახლავთ.
თავად ლიოვი კი, ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ გერმანიის ნაკრების თავკაცის პოსტს დატოვებს. გერმანელები ევროპის მომავალ ჩემპიონატზე ჯგუფში საფრანგეთთან, პორტუგალიასთან და უნგრეთთან ერთად ითამაშებენ.
ევროპირველობა 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით პირველად ისტორიაში კონტინენტის 11 ქვეყანაში გაიმართება.