„ტოტენჰემ ჰოთსპურის” ვეტერანმა ვარსკვლავმა გარეთ ბეილმა თქვა, ახლა რომ გითხრათ, მომავალი სეზონიდან სად ვითამაშებ, დიდ ქაოსს გამოვიწვევო.
31 წლის თავდამსხმელი „სფურზში” იჯარით თამაშობს და ზაფხულში წესით „რეალს” უნდა დაუბრუნდეს. უელსელი მადრიდის კლუბის საკუთრებაა.
„ტოტენჰემმა” პრემიერლიგის ბოლო ტურში ლესტერში 4:2 მოიგო. ბეილმა ოთხიდან ორი გოლი შეაგდო, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი თქვა, რომ მისი მომავალი კლუბის სახელი ხალხისთვის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„ვიცი, რასაც ვაკეთებ, მაგრამ ჩემი მომავალი კლუბი ახლა რომ დავასახელო, ქაოსს გამოვიწვევ. ჯერჯერობით, მხოლოდ სეზონის ძლიერად დასრულებაზე ვფიქრობ. მალე ევროპის ჩემპიონატი იწყება და ჩემი საზრუნავი მხოლოდ უელსის ნაკრებია”.
ვეტერანის ბუნდოვანმა ნათქვამმა მარჩიელობა გამოიწვია. მეტ-ნაკლები ქაოსი ბევრმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს. ასე მაგალითად, თუკი „ტოტენჰემის” ფეხბურთელი „არსენალში” გადავა, ეს ჩრდილოეთ ლონდონში ვნებათაღელვას და უბნებს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს.
ბეილს „რეალთან” ხელშეკრულების თანახმად კიდევ ერთი წელიწადი აკავშირებს და თუკი კვირაში 650 000 გირვანქიანი ხელფასის შენარჩუნება სურს, სავარაუდოდ, ახალ იჯარას უნდა ეშურებოდეს.
ამბობენ, რომ „რეალიდან” მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მიდის, ფრანგი კი უელსელს არ წყალობდა. შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ფორვარდი „ლოს ბლანკოსში” დაბრუნდეს.
შესაძლოა, ბეილი „ტოტენჰემშიც” დარჩეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ქაოსი რა შუაშია?