უბედურებას თითქოს არაფერი მოასწავებდა.
ჩინურ პროვინცია განსუში შაბათ დილით ტრადიციულმა მეგამარათონმა მზიან ამინდში აიღო სტარტი.
მეგამარათონის დისტანცია 100 კილომეტრია, მარშრუტი კი მთებში გადის. სტარტიდან მალევე ამინდი მკვეთრად შეიცვალა, ცივ წვიმას სეტყვა მოჰყვა, ეს ყველაფერი კი ყინვიანმა ქარიშხალმა შეცვალა.
ტემპერატურის მკვეთრად დაცემის შემდეგ მონაწილეებმა ორგანიზმის გადაცივების შესახებ შეტყობინებები გაგზავნეს, ზოგი კი საერთოდ აღარ გადიოდა კავშირზე.
ორგანიზატორებმა შეჯიბრი შეაჩერეს და საქმეში სამაშველო ჯგუფები ჩართეს. 172-დან 21 მონაწილე გარდაცვლილი იპოვეს, კიდევ რვა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდაცვლილთა შორისაა ამ მარათონის არაერთგზის გამარჯვებული ლიან ცზინი.