ლა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონამ” სტუმრად მოუგო „ეიბარს” და მესამე ადგილს დასჯერდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა გაიტანა და Barça TV-ს მისცა ინტერვიუ:

„კვლავ ვერ შევგუებივართ იმ ფაქტს, რომ ტიტული სხვამ მოიპოვა, — თქვა მსოფლიოს ჩემპიონმა, — რამდენიმე მნიშვნელოვან მატჩში დაგვიცდა ფეხი. ახლა ცოტას დავისვენებთ და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ისევ ისეთ გუნდად ჩამოვყალიბდეთ, რომელიც ყველაფერს იგებს”.

გრიზმანმა „ეიბარის” კარში სეზონის მეოცე გოლი გაიტანა. გოლი ლამაზი გამოდგა, ფრანგმა ბურთი აკრობატულად დაარტყა, თუმცა მისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია:

„მნიშვნელოვანი ის არის, რომ მივიგეთ, მაგრამ კმაყოფილები მაინც არ ვართ. ამ გამარჯვებისთვის ბევრი ოფლი ვღვარეთ. შეტევაში ვცდებოდით. მეც გავუშვი ხელიდან საგოლე მომენტები. ეს ყველაფერი გამოსასწორებელია”.

და ბოლოს, ესპანეთის ჩემპიონი გახდა „ატლეტიკო”, რომელიც გრიზმანმა 2019 წელს დატოვა და „ბარსელონაში” გადავიდა, რათა ტიტულები მოეხვეჭა.

„ვულოცავ „ატლეტიკოს”… მათი წარმატება გულწრფელად მიხარია. მიხარია ჩოლოს, კოკეს და ჩემი მეგობრების ჩემპიონობა. „ატლეტიკოს” ფანები ამას იმსახურებდნენ”, — დასძინა გრიზმანმა.