კილიან მბაპე ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. 19 წლისა უკვე მსოფლიოს ჩემპიონი იყო — პელეს შემდეგ მეორე თინეიჯერი, რომელმაც მუნდიალის ფინალში გოლი გაიტანა. „პარი სენ ჟერმენთან” მას 2022 წლამდე აქვს კონტრაქტი, მაგრამ ფორვარდის ხელში ჩაგდებაზე ამთავითვე დიდი კონკურენციაა. თავად მბაპე პარიზელებთან ახალ კონრაქტს ხელს არ აწერს, როგორც ჩანს მომავალს სხვა კლუბში ხედავს.
ფრანგი ვარსკვლავის აგენტმა ბრუნო სატენმა “Canal +”-თვის მიცემულ ინტერვიუში მოკლედ მოჭრა: „მბაპე და „რეალი” შეთანხმდნენ”.
ეს შეიძლება ისე გავიგოთ, თითქოს ფრანგი ამ ზაფხულშივე „სანტიაგო ბერნაბეუზე” ამოჰყოფს თავს, მაგრამ სინამდვილეში სატენის ნათქვამი თურმე იმას ნიშნავს, რომ თუ ტრანსფერი წლეულს ვერ შედგება, მბაპე პსჟ-სთან ახალ კონტრაქტს მაინც არ გააფორმებს და „თეთრებს” გაისად შეუერთდება.
სატენის ინფორმაციით, მბაპეების ოჯახი მადრიდელებთან ნალაპარაკებია და პრინციპული შეთანხმებაც მიღწეულია.
საქმე ის არის, რომ პარიზული კლუბი, რომელსაც არაბი შეიხები ფლობენ, ფინანსურ გაჭირვებაში არ არის და მბაპეს ფულის გამო არ გაყიდის. ისინი არც იმით გაღარიბდებიან, თუ ვარსკვლავს კიდევ ერთი სეზონით დაიტოვებენ და გაისად ამ დროს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვებენ.
„პარი სენ ჟერმენმა” სულ ახლახან გაახანგრძლივა კონტრაქტები კეილორ ნავასთან, ანხელ დი მარიასთან, იულიან დრაქსლერსა და ნეიმართან.