ექვსწლიანი განკვეთა დასრულებულია! საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ქარიმ ბენზემა ეროვნულ გუნდში დააბრუნა. დღეს, ფრანგული და მსოფლიო პრესის ერთ-ერთი მთავარი თემა „რეალის” თავდამსხმელის მსოფლიოს ჩემპიონთა რიგებში აღდგენაა, რასაც „ეკიპი” სამშაბათსვე წინასწარმეტყველებდა. დეშამმა გამოაქვეყნა 26 კაციანი სია. მასში ჩამოწერილი ფეხბურთელები, ევროპის ჩემპიონატის წინ, უელსსა და ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც კი ახალმა ამბავმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, ბენზემამ ტვიტერში დაწერა: „ძალიან ვამაყობ, რომ მენდნენ და დამაბრუნეს. მადლობა ჩემს ოჯახს, მეგობრებს, კლუბს, თითოეულ თქვენგანს… ყველას, ვინც ყოველდღიურად მხარს მიჭერდა და მაძლიერებდა”.

გამოცდილი თავდამსხმელი, რომელიც წლეულს შესანიშნავ ფორმაშია (29 გოლი ყველა შეჯიბრებაში ერთად), დეშამმა ნაკრებიდან 2015 წელს დაითხოვა. მიზეზი: ბენზემა თანაგუნდელს, მატიე ვალბუენას ფარული ჩანაწერით შანტაჟს უწყობდა. ბრალდების თანახმად, ის ვალბუენას ემუქრებოდა, რომ თუ იგი შანტაჟისტთა ჯგუფს არ დაემორჩილებოდა, ისინი გამოაქვეყნებდნენ სექსუალური შინაარსის ვიდეოს, ვალბუენას მონაწილეობით.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბენზემას ვალბუენასთან შუამავლობა მისმა ბავშვობის მეგობარმა სთხოვა.

ვალბუენა დამნაშავეებს არ აჰყვა და შანტაჟის შესახებ პოლიციაში განაცხადა.

როდესაც სკანდალი ქვეყანას მოედო, თვით საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ ისეთი ხალხისთვის, როგორიც ბენზემაა, ეროვნულ გუნდში ადგილი არ არის.

ექვსი წლის წინანდელი საქმის სასამართლო გარჩევა ამა წლის 20-22 ოქრომბერს გაიმართება. ბენზემა ბრალს უარყოფს. განსასჯელთა სკამზე იჯდება კიდევ ოთხი ადამიანი.

თავდაპირველი გეგმით, სასამართლო პროცესი იანვარში უნდა გამართულიყო. მაშინ, ბენზემამ ინსტაგრამზე „ეკიპის” სტატიის სკრინშოთი დადო და თავის 36,9 მილიონ მიმდევარს ჰკითხა, როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ეს ფარსი.

ბენზემას ნაკრებში დაბრუნება ბევრს სხვა მიზეზითაც გაუკვირდა. 2016 წელს, როდესაც ფორვარდი ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანეს, მან დეშამს რასისტი უწოდა.

„ის საფრანგეთის რასისტული ნაწილის ნებას დაჰყვა. ექსტრემისტთა პარტია აგერ უკვე ორი არჩევნებია მეორე რაუნდში გადის და ამიტომ არ ვიცი, ჩემი ნაკრებიდან მოკვეთის გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად მიიღო თუ არა.

ასეა თუ ისე, მე საფრანგეთის ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ”, — ამბობდა მაშინ ბენზემა.