„მარკა” ადასტურებს: ზინედინ ზიდანს თავისი ფეხბურთელებისთვის უკვე ნათქვამი აქვს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან მიდის.

ეს ამბავი გასულ შაბათს, 8 მაისს მომხდარა. ლა ლიგაში „სევილიასთან” თამაშის (2:2) წინა დღეს, ვარჯიშის შემდეგ. იმ კვირაში „რეალი” „ჩელსისთან” დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

ჟურნალისტები იხსენებენ, რომ 8 მაისის პრეს-კონფერენცია უჩვეულოდ გვიან დაიწყო და ახლა ნათელია, რომ დაგვიანების მიზეზი გუნდის კრება იყო.

ზიდანს ფეხბურთელებისთვის უთქვამს, რომ მან ამ საკითხზე დიდხანს იფიქრა და გადაწყვეტილება ისე მიიღო. მწვრთნელს სწამს, რომ „რეალში” მისი დრო ამოიწურა. ახლა გვერდზე გადგომაა უპრიანი.

ეს ფრანგი ვარსკვლავის მეორე წასვლაა მადრიდიდან, თუმცა ამჟამინდელი გადადგომა ნამდვილად არ იქნება ისეთი მოულოდნელი, როგორიც იყო 2018 წელს.

დღეს, „რეალი” ბილბაოში თამაშობს. მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ზიდანმა ასე თქვა: „არის დრო, როდესაც შენს ადგილზე უნდა იყო, მაგრამ არის დრო, როდესაც თუ გაეცლები შენთვისაც კარგი იქნება და სხვისთვისაც”.

„რეალის” თავკაცს მეტი არაფერი დაუზუსტებია.

ზინედინ ზიდანს „სანტიაგო ბერნაბეუზე”, მწვრთნელის რანგში 11 ტიტული აქვს მოგებული. თუ „ატლეტიკოს” ბოლო ორ ტურში ფეხი დაუცდება, ხოლო „თეთრები” მოიგებენ, თეორიულად შესაძლებელია მან მონაგარს კიდევ ერთი ტიტული მიამატოს.

„მარკა” კი ამთავითვე ცდილობს გამოიკვლიოს, ვინ შეცვლის ზიდანს. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ყველაზე დიდი შანსი მის ყოფილ თანაკლუბელს, „რეალის” კიდევ ერთ ლეგენდას, რაულს აქვს. განიხილება აგრეთვე მასიმილიანო ალეგრისა და იურგენ კლოპის კანდიდატურებიც.

რაულს ფრანკფურტის „აინტრახტიც” ეპატიჟება.