No description available.როგორც ცნობილია, შალვა სუთიაშვილის, ზაურ თევდორაშვილისა და ლუკა გოგინავას „ანგულემი“ საფრანგეთის მეორე ელიტური სარაგბო ლიგა პრო დ2-დან ნახევრად სამოყვარულო ნასიონალში დაქვეითდა და ჩამოთვლილ ქართველთაგან უკანასკნელმა თავს უკვე უშველა.

24 წლის მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა მომავალი სეზონიდან 2024 წლის ზაფხულამდე „გრენობლში“ ითამაშებს, რომელიც მიმდინარე პრო დ2-ის პლეი-ოფისთვის ემზადება. შეხსენებისთვის: „ანგულემამდე“ ლუკას კარიერაში „რასინგ-92“ და „ბრივი“ იყო, ხოლო სულ ახლახან ნიჭიერი მორაგბე საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იყო მიწვეული.

მანამდე ანალოგიური მიწვევა კიდევ ერთ ლუკას – აზარიაშვილს ჰქონდა მიღებული, მაგრამ ბორჯღალოსნად მისი და გოგინავას კურთხევა ახლო მომავლისთვის გადაიდო. 21 წლის უნივერსალური ბურჯი აზარიაშვილი „მონპელიეს“  აღზრდილია, გასული სეზონი განათხოვრების წესით „ბიარიცში“ დიდი წარმატებით ჩაატარა და პრო დ2-ის პლეი-ოფში გასული კლუბისგან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმების წინადადება მიიღო.

თავის ამჟამინდელ კლუბთან თანამშრომლობა კიდევ ერთმა ქართველმა ბურჯმა გაახანგრძლივა. 22 წლის ლაშა მაჭარაშვილი (7 მატჩი გასულ ჩემპიონატში) 2017 წლიდან „მონ-დე-მარსანში“ თამაშობს და ამ გუნდის ღირსებას მომავალ სეზონშიც დაიცავს – მხარეები ამაზე ახლახან შეთანხმდნენ.