No description available.ქართველი ფეხბურთელი კახა მახარაძე 2009 წელს სათამაშოდ უზბეკეთში წავიდა. მაშინ ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ უზბეკეთი „მისი“ გახდებოდა. 33 წლის ფეხბურთელმა უზბეკეთის ჩემპიონატის მერვე ტურში ტაშკენტის „ლოკომოტივის“ მაისურით 150-ე მატჩი ითამაშა. სულ კი, 339 მატჩი დაუგროვდა. მახარაძე უზბეკეთში ყველაზე „ხარისხიან ლეგიონერად“ ითვლება: 5-გზის ჩემპიონი და 3-გზის თასის მფლობელია.

მიუხედავად იმისა, რომ უზბეკური კარიერა „ლოკომოტივში“ დაიწყო, პირველი ჯილდოები „ფახთაქორში“ მოიპოვა – 2012, 2014, 2015 წლებში ჩემპიონი გახდა, 2011 წელს კი, თასი აიღო.

შემდეგ ისევ „ლოკომოტივს“ დაუბრუნდა და ჯილდოების მოგება გააგრძელა –  2016 და 2017 წლებში დუბლი გაახერხა – ჩემპიონობა და თასი.

მახარაძემ „ლოკომოტივი“ ერთხელაც დატოვა, როდესაც „სოგდიანაში“ (2019) გადავიდა, მაგრამ „ლოკომოტივს“ მაინც ვერ „უღალატა“ და მესამედ მოირგო მისი მაისურა.

„ფახთაქორში“ თამაშის პერიოდში მახარაძე ტაშკენტური გუნდის კაპიტანი გახდა. მეტიც, იქ თამაშის პერიოდში საქართველოს ნაკრებშიც გამოიძახეს, სადაც ოთხი მატჩი ითამაშა. მათ შორის ბოლო 2015 წელს, გერმანიასთან.

მახარაძემ 2004-05 წლების სეზონში თბილისის „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონიც გახდა. არის ჩვენი ქვეყნის სუპერთასის მფლობელიც.

უზბეკეთამდე კახა მახარაძემ ასევე ითამაშა „ბათუმში“, საჩხერის „ჩიხურასა“ და თბილისის „ლოკომოტივში“. კახა, „ბათუმის“ ლეგენდის, ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელის, მალხაზ მახარაძის ვაჟია.