იმას, რაც ნიუკასლის „სენტ ჯეიმსის პარკზე” მოხდა პრემიერლიგის გიჟური სეზონის ყველაზე გიჟური მატჩი უწოდეს: „მანჩესტერ სიტიმ” მასპინძელ „ნიუკასლ იუნაიტედს” 4:3 მოუგო. მანკუნიანელთაგან სამი გოლი ფერან ტორესმა გაიტანა. ახლა, „ქალაქელებს” ყველა შეჯიბრებაში ერთად, სტუმრად, ზედიზედ 23 შეხვედრაში არ წაუგიათ და ეს გახლავთ რეკორდი. აქამდე, რეკორდსმენი იყო „ნოთს ქაუნთი”, რომელიც 2012 წელს პირველ ლიგაში ანუ ინგლისურ კლუბთა მესამე ეშელონში თამაშობდა და მაშინ მიაღწია ასეთ შედეგს.

ამრიგად, რეკორდსმენთა შორის, მსოფლიოს უძველესი პროფესიული კლუბი საუკეთესომ შეცვალა და ამას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ალბათ დიდი მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან „სიტის” 29 მაისს, ლისაბონში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელის.

„სიტის” იდეალურად არ უთამაშია, ტორესი კი იშტაზე გახლდათ და ვინ იცის, 14 დღის შემდეგ ფინალშიც ათამაშონ.

„ფერან ტორესის დღევანდელი სამი გოლით ცხადია კმაყოფილი ვარ, მაგრამ მინდა ზოგადადაც ავღნიშნო, რომ მას პრემიერლიგაში პირველი სეზონისთვის შესანიშნავი სტატისტიკა აქვს. ტორესს ორი თვის განმავლობაში ფაქტობრივად არ უთამაშია, დღეს კი ფლანგზე იდგა და დაცვაში იყო ძალიან სასარგებლო. რასაკვირველია, თავდამსხმელის შესანიშნავი თვისებებიც გამოამჟღავნა. ყოველთვის, როდესაც ამ პოზიციაზე გამომყავს, ის გოლის ალღოს ამჟღავნებს. ამ მხრივ მინდა გამოვარჩიო ფერანის დღევანდელი ბოლო გოლი. ტორესმა ზუსტად იგრძნო სად მივიდოდა ბურთი და იქ აღმოჩნდა, რათა გოლი გაეტანა”.

ფერან ტორესი 21 წლის ესპანელი ფეხბურთელია, რომელიც „მანჩესტერ სიტიში” „ვალენსიადან” გადავიდა. მან, 28 მარტს, თბილისში, „დინამო არენაზე”, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის 56-ე წუთზე ხვიჩა კვრაცხელიას გოლი გაქვითა.

გვარდიოლამ კი დასძინა, რომ ორივე გუნდმა მშვენივრად ითამაშა და გულდასაწყვეტია, რომ ტრიბუნებზე მაყურებელი არ იჯდა.