კარგა ხნის წინ იყო გადაწყვეტილი, რომ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ფინალს სტამბოლი უმასპინძლებდა. პანდემიის მესამე ტალღამ კი აქაც შეიტანა კორექტივები. თურქეთში კოვიდის გავრცელების ტემპი მაღალია და ქვეყანა ე.წ. „წითელ ზონაში“ მოხვდა.
უეფას შესაბამისმა კომიტეტმა იმსჯელა და გადაწყვიტა, ფინალი პორტუში, სტადიონ „დრაგაუზე“ გადაეტანა. ერთ-ერთი ფაქტორი ისიც გახლდათ, რომ ბრიტანეთს პორტუგალია „მწვანე სიაში“ ჰყავს და ფინალიდან დაბრუნებულ ინგლისელ ქომაგებს სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.
თითიოეული გუნდი ფინალის 6-6 ათას ბილეთს მიიღებს. „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ 29 მაისის ფინალის მასპინძლობა ლონდონშიც სურდათ და ამ ვარიანტს პირდად პრემიერი ბორის ჯონსონი ლობირებდა, მაგრამ უეფაში კონსენსუსამდე ვერ მივიდნენ.
მოკლედ, წერტილი დასმულია: 29 მაისი. პორტუ. „დრაგაუ“.