„დორტმუნდმა“ გერმანიის თასის ფინალში 4:1 დაამარცხა „ლაიფციგი“ და სეზონს მაჟორულ ნოტაზე ასრულებს.
უკვე პირველ ტაიმში დუბლი მიითვალა დორტმუნდელთა განაპირა შემტევმა ჯეიდონ სანჩომ. აქამდე მასზე ახალგაზრდას თასის ფინალში დუბლი არავის შეუსრულებია.
21 წლის და 49 დღის სანჩო რეკორდის ავტორი კი შეიქნა, თუმცა სულ რაღაც ერთი საათით. მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე დუბლი გაიფორმა სანჩოს თანაგუნდელმა ერლინგ ჰოლანდმა და რეკორდიც გადაიბარა – ის ხომ ჯერ მხოლოდ 20 წლისაა.
საინტერესოა, გაუძლებენ თუ ვერა დორტმუნდელები დიდი ფულის ცდუნებას და შეინარჩუნებენ თუ ვერა მომდევნო სეზონისთვის ერლინგ-ჯეიდონის ჯადო-წყვილს.