„მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრებიან, მაგრამ, დიდი შანსია, რომ ეს „უემბლიზე” კი არა, პორტუგალიაში, მოხდება.

თავიდან, ფინალის მასპინძლად სტამბოლი იყო დადგენილი, თუმცა თურქეთს covid 19-მა ახალი ძალით შეუტია და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს მოუვიდა იდეა, ორი ინგლისური გუნდის შეხვედრა ინგლისშივე ჩაეტარებინათ. აქ, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრიტანეთში მასობრივი ვაქცინაციის წყალობით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა და „უემბლიზე” 22 500 გულშემატკივრის შეშვება შესაძლებელი გახდა. ამასთან, თუკი თურქეთიდან დაბრუნებულ ინგლისელ ქომაგებს სავალდებულო თვითიზოლაცია ელით და ათი დღის განმავლობაში სამსახურები უნდა გააცდინონ, ფინალის „უემბლიზე” ჩატარების შემთხვევაში, ისინი სტადიონიდან პირდაპირ შინ წავლენ.

მოგეხსენებათ, ბორის ჯონსონმა ერთი ხნის წინ უეფას დიდი საქმე გაუკეთა: სუპერლიგა, რომელსაც ბობოლა ევროპული კლუბები ქმნიდნენ, დიდწილად ინგლისის პრემიერმა ჩაშალა, ასე რომ ალექსანდერ ჩეფერინი მის წინაშე ვალშია, მაგრამ… უეფასა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ერთდღიანმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. მიზეზი: უეფას უნდა, რომ ფინალზე ჩასული ჟურნალისტები, მაუწყებლები, სპონსორები და VIP პერსონები მკაცრი რეგულაციებით არ შეზღუდონ, ბრიტანეთი კი უარზეა. ბრიტანეთი ამბობს, რომ სტუმრებს მიიყვანენ „უემბლიზე” — ვარჯიშებზე, პრეს-კონფერენციებსა და თავად მატჩზე — დანარჩენ დროს კი ისინი სასტუმროს ნომრებში უნდა ისხდნენ.

უეფას ეს ვარიანტი ხელს არ აძლევს, ბრიტანეთის მთავრობას კი ის ფაქტი, რომ კოვიდის 2000 პოტენციური გამავრცელებელი ქვეყანაში უნდა შეუშვას, უკვე დიდ დათმობად მიაჩნია.

შედეგად, უეფა „უემბლიზე” თამაშის ვარიანტს არ ემხრობა და შარშანდელის მსგავსად ფინალის ლისაბონის „და ლუჟზე” გადატანას ფიქრობს. ეს ვარიანტი „სიტისა” და „ჩელსის” გულშემატკივრებს ჯიბეზე დაარტყამს, მაგრამ მატჩზე დასწრების საშუალებას მისცემს.

გასულ პარასკევს, ბრიტანეთმა პორტუგალია „მწვანე ზონაში” შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნიდან დაბრუნებულ ინგლისელებს ათდღიანი თვითიზოლაციის გავლა არ დასჭირდებათ.

თუმცა, ჯერ წინ არის მოლაპარაკებათა კიდევ ერთი რაუნდი, რომლის მსვლელობისას ბრიტანელები შეეცდებიან უეფას პროტოკოლით გათვალისწინებული სტუმრების რაოდენობა მინიმუმამდე შეამცირებინონ.