ფრანგი თავდამსხმელი დავიდ ტრეზეგე „იუვენტუსში” 2000-2010 წლებში თამაშობდა და ტურინული კლუბის ბედ-იღბალი მისთვის სულერთი არ არის. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, რომელმაც „ბებერი ქალბატონის” მაისურით ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული, „მილანთან” თავისი ყოფილი კლუბის საშინაო მარცხზე (0:3) ილაპარაკა. შეგახსენებთ, რომ ამ მარცხის გამო „იუვენტუსი” მეხუთე ადგილზეა და თუ დარჩენილ სამ ტურში არ გაუმართლა, არ არის გამორიცხული მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩეს.

„ეს იყო მძიმე მარცხი, — თქვა ტრეზეგემ, — „მილანმა” დამსახურებულად მოიგო. ნათელი გახლდათ, რომ „იუვენტუსი” შეხვედრისთვის სათანადოდ არ იყო მომზადებული. მწამს, ანდრეა პირლო გამოსავალს მოძებნის. ფიქრის და ჭოჭმანის დრო არ არის, ახლა მხოლოდ გამარჯვებების დროა. დაუშვებელია, კრიშტიანუ რონალდუ და ალვარო მორატა ბურთს 25 წუთში ერთხელ იღებდნენ. ეს არანორმალური მდგომარეობაა, მაგრამ ფაქტია, ასეთი რამ ხშირად ხდება. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „იუვეს” ბევრ ფეხბურთელს წარმოდგენა არ ჰქონდა ან როგორ დაეცვა თავი, ან როგორ შეეტია”.