„ოლდ ტრეფორდს” ოცნებათა თეატრს უწოდებენ, მაგრამ გარი ნევილი ბოლო კვირების განმავლობაში დაჟინებით იმეორებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” სტადიონი ყველაფერია ოცნებათა თეატრის გარდა.

და ნევილი ამას იმიტომ კი არ ამბობს, რომ ოლე გუნარ სულშერმა გუნდი ჩემპიონი ვერ გახადა, არამედ იმიტომ, რომ „იუნაიტედის” მეპატრონეების, გლეიზერების ოჯახის ხელში ნაგებობა გაპარტახდა.

არადა, ერთი შეხედვით „ოლდ ტრეფორდი” ბრწყინვალე სარბიელია, რომელშიც 75 000 მაყურებელი ეტევა. ეს პრემიერლიგის რეკორდია, მაგრამ რეკონსტრუქცია, რომლის წყალობითაც ტრიბუნებზე ამდენი ხალხის შეშვება გახდა შესაძლებელი, 2006 წელს დასრულდა და მასთან გლეიზერებს, რომელთაც „იუნაიტედი” 2005-ში იყიდეს, საერთო არაფერი აქვთ.

მეტიც, მას მერე ინგლისში ბევრი უმაღლესი დონის სტადიონი მოეწყო. Swiss Ramble-ს ინფორმაციით, ბოლო 11 წლის განმავლობაში „მანჩესტერ იუნაიტედმა” თავისი სარბიელის  სასიკეთოდ 118 მილიონი გირვანქა დახარჯა, რაც კონკურენტების დანახარჯზე ცოტაა: „ლივერპულმა” სტადიონის კეთილმოწყობისთვის 278 მილიონი გაიღო, „მანჩესტერ სიტიმ” 374 მილიონი, ხოლო „ტოტენჰემ ჰოთსპურმა” მთლად ახალი ბინა აიშენა, რამაც 1,4 მილიარდი წაიღო.

„მანჩესტერ სიტის” ისეთი კორპორატიული პაკეტი აქვს, რომ „იუნაიტედი” ახლოსაც ვერ მივა. ჯერ მარტო „ტუნელის კლუბი” რად ღირს. გულშემატკივრებს, რომლებიც 299 გირვანქას გადაიხდიან, გასახდელიდან გამოსასვლელ გვირაბში ჩასმული ფანჯრებიდან შეუძლიათ უყურონ, როგორ იკრიბებიან და მიემართებიან გუნდები მოედნისკენ.

რასაკვირველია, „სიტის” სასარგებლოდ როლს ისიც თამაშობს, რომ „ეტიჰედის” გარშემო არის სივრცე, რომელიც შეიძლება ათასნაირად გამოიყენო, „ოლდ ტრეფორდის” გარშემო კი მსგავსი არაფერია. მის გვერდით რკინიგზის ლიანდაგი გადის, რომელიც საცხოვრებელ სახლებთან ერთად შესაძლებლობებს ზღუდავს.

„დეილი მეილი” წერს, რომ თუკი „მანჩესტერ იუნაიტედს” ტევადობის 90 000-მდე გაზრდა მოუნდება, მან ჯერ ერთი 200 მილიონი გირვანქა უნდა გაიმეტოს და მეორეც, სადმე დროებითი სტადიონი შეარჩიოს, სადაც რეკონსტრუქციის პერიოდში გუნდი ითამაშებს.

„ოლდ ტრეფორდის” ერთ-ერთ ტრიბუნას 2016 წელს სერ ალექს ფერგიუსონის სახელი უწოდეს. გულშემატკივრები ამბობენ, რომ ეს გვარიანად მოძველებული ადგილია, სადაც წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩამოდის.

2019 წლის აპრილში, მანჩესტერული დერბის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დასავლეთ ინგლისს შტორმი დაატყდა, რომელმაც „ოლდ ტრეფორდის” სახურავის ნაწილი წაიღო. წყალი ნიაღვარივით ჩამოდიოდა.

ასეთივე რაღაც მოხდა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დღეებშიც, მაგრამ მაშინ, ესპანეთისა და მაროკოს შეხვედრის მსვლელობისას, სტიუარდებმა მაყურებელი სხვა ტრიბუნაზე გადასვეს, რადგან სტადიონი სავსე არ იყო.

და თაგვები… 2015 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედის” სტადიონს წრუწუნები შემოეჩვიენ. ისინი მოედანზეც დასუნსულებდნენ და ოფისებშიც.

ოღონდ, არ გეგონოთ, რომ ეს ერთჯერადი პრობლემა იყო. თაგვებს „ოლდ ტრეფორდზე” დროდადრო გამოჩენა ძალიან უყვართ.

ჰოდა, რად უნდა ლაპარაკი, რომ ნევილსა და სხვა ანტიგლეიზერისტებს ეს ყველაფერი შეუძლიათ სათავისოდ გამოიყენონ და ასეც იქცევიან.