კატალონიური პრესა წერს, რომ „ატლეტიკოსთან” შინ ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ ლა ლიგის ჩემპიონობა „ბარსელონასთვის” ჯერ ფუჭი ოცნება არ არის, მაგრამ რეალურიც აღარაა. უფრო ფუჭ ოცნებასთან არის ახლოს.
„ბარსას” „კამპ ნოუზე” მადრიდელი სტუმრები აუცილებლად უნდა დაემარცხებინა, მაგრამ ვერ შეძლო: ოსმან დემბელემ, ლეო მესიმ და ილიაშ მორიბამ თავიანთი წილი მომენტები ვერ გამოიყენეს.
თავის მხრივ, ვერც „ატლეტიკომ” მოახერხა გოლის გატანა: ლუის სუარესმა გაუშვა შანსი, რომელიც ცხრილის სათავეში მყოფ „მატრასის მკერავებს” გაცილებით სახეირო პოზიციაში მოაქცევდა. ერთი სიტყვით, ახლა ყველაფერი „რეალის” ხელშია — თუ დარჩენილ ოთხ თამაშს მოიგებს, ჩემპიონი გახდება!
„ძალიან სამწუხაროა… ჩვენ სამი ქულა გვინდოდა და ჩემპიონობის ბრწყინვალე შანსი გვექნებოდა, მაგრამ ვერ შევძელით. არა უშავს, მაინც უნდა ვცადოთ, დარჩენილ სამ თამაშში ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ჩემპიონები გავხდეთ” — თქვა მატჩის დამთავრების შემდეგ კატალონიური გუნდის მცველმა რონალდ არაუხომ.
ბარსელონელთა მწვრთნელი რონალდ კუმანი კი დისკვალიფიცირებული იყო და შეხვედრას საპრეზიდენტო ლოჟიდან უყურებდა. ადგილობრივი გამოცემა „სპორტი” ენამწარობს, თუკი კუმანს პირველ ტაიმში ჩაეძინა, მისი ბრალი არ არის, ფეხბურთელების ბრალია — ტემპს „ატლეტიკოც” აგდებდა და „ბარსასაც” აჩქარება არ შეეძლოო.
დღეს, „რეალი” „სევილიას” მასპინძლობს.