თედო აბჟანდაძე 20 თებერვლის მერე პირველად გამოჩნდა „ბრივის“ შემადგენლობაში. ეს მოხდა „სტად ფრანსესთან“ საშინაო მატჩში, რომელიც ბრიველებმა 28:31 დათმეს და მხოლოდ ბონუს-ქულას გამორჩნენ.
21 წლის ქართველი მგეზავი თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო და მისი დირიჟორობით გატარებული 24-წუთიანი მონაკვეთი „ბრივმა“ 19:7 მოიგო, ბონუსიც სწორედ ამ პერიოდში მოინადირა.
ბრიველებმა ბოლო 18 წუთში თავისი სამივე ლელო გაიტანეს, რომელთაგან თედომ პირველი და მესამე გარდასახა და თამაში 4 პირადი ქულით დაასრულა.
ნაკრებში მისმა უცვლელმა მეწყვილემ ვასილ ლობჟანიძემ მასპინძლეთა შორის პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა, ხოლო ბურჯი სოსო ბეკოშვილი მოედანზე ასევე სრული მეორე ნახევრის განმავლობაში იყო. ამ უკანასკნელის წინააღმდეგ პარიზელთა შერკინებაში ვეტერანი ვასილ კაკოვინი ბოლო 32 წუთი იდგა, ხოლო ბორჯღალოსანთა ამ თაობის კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გიორგი მელიქიძე შეცვლაზე 79-ე წუთზეღა შეუშვეს.
ტოპ 14-ის რეგულარულ ჩემპიონატში 3 ტურიღა დარჩა გასამართი, თუმცა უამრავი გადადებული მატჩიც დაგროვდა, რომელთა ჩატარებაც არასარაგბო დღეებში – დამდეგ სამშაბათ-ოთხშაბათს დაიგეგმა.
ამ ეტაპზე კი დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ „აჟენი“, რომლის დატოვებაც გიორგი თეთრაშვილს გადაუწყვეტია და რომელსაც მომდევნო სეონიდან ჯაბა ბრეგვაძე და გრიგორ ქერდიყოშვილი შეუერთდებიან, პრო დ2-ში კარგა ხანია ოფიციალურადაა დაქვეითებული.