ამ არეულ დროში რაღაც რომ გაგიხარდება, უკვე დიდი შეღავათია. მით უმეტეს, თუ ეს სიხარული საფუძვლიანია. ბათუმის ახალი სტადიონი უკვე სრულფასოვნად გაიხსნა. 2020 წლის 27 ოქტომბერს ახალ ულამაზეს არენაზე ლენტი საზეიმოდ კი გაიჭრა . თუმცა იქ მხოლოდ ორი მატჩი ჩატარდა, ისიც უმაყურებლოდ და მინდვრის საფარის პრობლემების გამო, კიდევ ნახევარი წლით დაიხურა.
და აი, 8 მაისს, უკვე გულშემატკივრებთან ერთად. კოვიდრეგულაციების შეზღუდვების თანახმად, თამაშზე 6 200 მაყურებელი დაუშვეს. ყველა ბილეთი 6 საათში გაიყიდა…
ატმოსფერო ფანტასტიკური იყო, რაც ბათუმელი ქომაგის დამსახურებაა, მათ მართლაც განსაკუთრებული, განსხვავებული არომატი შესძინეს ქართულ საფეხბურთო რეალობას.
საკუთრივ მატჩის აფიშაც: „ბათუმი“ – „დინამო“ ერთობ გამომწვევად გამოიყურება, ლიდერების შეხვედრა იყო და სატურნირო მნიშვნელობაც დიდი ჰქონდა.
კიდევ ერთი – თბილისის დინამოელთათვის ეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში უმაღლეს ლიგაში საიუბილეო, მე-1000 მატჩი გახლდათ.
თამაში კი ბათუმელთა აქტივში უნდა შევიტანოთ. მათ მომენტებიც მეტი შექმნეს, დამსახურებულადაც გაიმარჯვეს და ლიდერებიც გახდნენ. ერთი რამ იყო კიდევ თვალში საცემი. ჩვენი ფეხბურთელები ასეთ რიტმს და სისწრაფეებს ჩვეული არ არიან და ბოლოსკენ ორივე გუნდის წევრებს ერთთავად კუნთები ეჭიმებოდათ და ექიმების ჩარევა სჭირდებოდათ, რამაც პაუზები გაახანგრძლივა და სათამაშო სიუჟეტი ერთობ გააუფერულა.
და კიდევ ერთი გამორჩეული ამბავი: თბილისელთა რიგებში ჯანო ანანიძის დებიუტი შედგა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა პირველად ითამაშა ქვეყნის ჩემპიონატის მატჩში. წარმატებები ჯანოს.
„დილამ“ თბილისში მოუგო „ლოკომოტივს“ და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა. გორელთა რიგებში გამორჩეული გვინეელი შემტევი უსმანე კამარა გახლდათ, მან ჯერ მალაველ ფრანცისკო მადინგას გაატანინა, შემდეგ კი თავად იყოჩაღა. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ზედიზედ ორი ფრის შემდეგ ნავსი გატეხა.
„ლოკომოტივი“ კი ბოლო შვიდ ტურში მხოლოდ ერთი მოგების ამარაა…
„სამგურალი“ „თელავს“ დაუზავდა, „ტორპოედო“ „საბურთალოს.“ „სამგურალი“ კი „შუქურას“ 2:0 უგებდა, მაგრამ ზღვისპირელებმა ლევან ინგოროყვას დუბლით უშველეს თავს.
სამგურალი – თელავი 1:1
1:0 ლექვთაძე (11), 1:1 ინჯგია (55)
ლოკომოტივი – დილა 1:2
0:1 მადინგა (4), 0:2 კამარა (54), 1:2 სანდოხაძე (64)
ტორპედო – საბურთალო 1:1
0:1 მანდრიჩენკო (30), 1:1 ბუკასი (86)
სამტრედია – შუქურა 2:2
1:0 რუხაძე (9), 2:0 კობახიძე (45), 2:1, 2:2 ინგოროყვა (54, 74)
ბათუმი – დინამო 1:0
1:0 ჯიღაური (42)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 12 | 3 | 73:27 | 75 |
დინამო | 36 | 21 | 7 | 8 | 59:28 | 70 |
დილა | 36 | 17 | 10 | 9 | 48:35 | 61 |
საბურთალო | 36 | 15 | 12 | 9 | 52:40 | 57 |
ლოკომოტივი | 36 | 15 | 8 | 13 | 57:59 | 53 |
თელავი | 36 | 12 | 8 | 16 | 35:53 | 44 |
სამგურალი | 36 | 9 | 14 | 13 | 34:46 | 41 |
ტორპედო | 36 | 9 | 13 | 14 | 38:44 | 40 |
შუქურა | 36 | 5 | 12 | 19 | 28:49 | 27 |
სამტრედია | 36 | 5 | 6 | 25 | 33:76 | 21 |
მეგოლეები: იური ტაბატაძე (საბურთალო) – 6, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი), დმიტრი მანდრიჩენკო (საბურთალო), ზორან მარუშიჩი (დინამო) – 5