მოკლედ ასეა: „მანჩესტერ სიტის” გუშინ შეეძლო პრემიერლიგის ჩემპიონი გამხდარიყო; უგებდა კიდეც „ჩელსის” რაჰიმ სტერლინგის გოლით, ხოლო, როდესაც მსაჯმა მიიჩნია, რომ სტუმართა საჯარიმოში ბილი გილმორმა გაბრიელ ჟესუსი წააქცია და პენალტი დანიშნა, უპირატესობის ორამდე გაზრდაც შეეძლო, მაგრამ… „ქალაქელთა” ლეგენდად მიჩნეულმა სერხიო აგუერომ პანენკას სტილში მოინდომა პენალტის დარტყმა და ეს ისე ცუდად გააკეთა, რომ ლონდონელთა მეკარემ ედუარ მენდიმ ბურთი ღიმილისმომგვრელად იოლად დაიჭირა.

აგუეროს გაუმართლებელი სითამამე ტელესტუდიიდან ყოფილმა ფეხბურთელებმა ჯეიმი რედნაპმა და მიკა რიჩარდსმა გააკრიტიკეს.

რედნაპმა დაახლოებით ასე თქვა: „პა-ნენკა! პა-სისულელე! მას თავი მწვრთნელზე დიდი ვინმე ჰგონია. სკოლაში რომ ძველბიჭობ და მასწავლებელს თავხედურად უყურებ, ისე. წარმოდგენა არ მაქვს რას ფიქრობდა. დაარტყი რა და დაამთავრე საქმე”.

რიჩარდსმა დასძინა: „აქ, სტუდიაში, თაყვანისცემისთვის ვემზადებოდი. მეგონა დასცხებდა და წერტილს დაუსვამდა, მაგრამ… საშინელი გაწბილებული დავრჩი”.

გარი ლინეკერს კი გაახსენდა 1992 წელს თავად როგორ მოეცარა ხელი ბრაზილიის ნაკრებთან შეხვედრაში და აგუეროს მხარდაჭერა სცადა:

„საერთოდ, რატომ ვარტყამთ ხოლმე მნიშვნელოვან პენალტებს? რა მასხარაობაა?”

იმ დღეს, ბრაზილიასთან ლინეკერს სერ ბობი ჩარლტონის რეკორდის მოხსნა ეჩქარებოდა და როგორც მოჩქარეს, მოუგვიანდა. სავარაუდოდ, სერხიო აგუერომაც გადაწყვიტა „სიტიდან” წასვლა ჩემპიონობის მომტანი დაუვიწყარი გოლით აღენიშნა და…

მას შემდეგ, რაც აგუერომ პენალტი ქარს გაატანა, „ჩელსიმ” „სიტის” ორი გოლი გაუტანა და 2:1 მოუგო.