მბაპე ბოლო ვარჯიშზე

დღეს, წესითა და რიგით, „პარი სენ ჟერმენი” ნეიმართან კონტრაქტს განაახლებს. ბრაზილიელი, ფრანგულ კლუბთან თანამშრომლობას 2026 წლამდე დაყაბულებულა.

აქამდე, ნეიმარის კონტრაქტი, კილიან მბაპეს ხელშეკრულების მსგავსად, ძალაში 2021-22 წლების სეზონის დასრულებამდე იყო. დადიოდა ხმები, თითქოს ზაფხულში ნეიმარი „ბარსელონაში” დაბრუნდებოდა, მაგრამ ამას ხომ 2017 წლის შემდეგ, ყოველ ზაფხულს ამბობდნენ.

ერთი წლის წინ, ნეიმარის მოსათაფლად კატალონიიდან პარიზში „ბარსას” წარმომადგენლებიც ჩავიდნენ, მაგრამ გაირკვა, რომ ბრაზილიელი ძალიან ძვირი ჯდებოდა.

როგორც ფრანგული გაზეთი „ეკიპი” იუწყება, ახლა, ყოყმანი დასრულებულია: ნეიმარი რჩება! გასარკვევი დარჩა რა ბედი ეწევა მბაპეს და… ლეო მესი ხომ არ აპირებს პირიქით, „ბარსელონადან” პარიზში გადაბარგებას, თუმცა ესეც ნაკლებ სავარაუდოა. მესი „ბარსაში” დამრჩენს უფრო ჰგავს.

ნეიმარი კი პარიზში გატარებული ბოლო პერიოდით კმაყოფილი გახლავთ. ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისთან” ნახევარფინალური შეხვედრის წინ მან ეს ინტერვიუშიც არ დამალა და თქვა, რომ რაც „პარკ დე პრენსზე” თამაშობს, გუნდი სულ ძლიერდება და ძლიერდება.