დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა უეფას სთხოვა ფანების ინტერესებიდან გამომდინარე ჩემპიონთა ლიგის ფინალი მონაწილეების, „მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” სამშობლოში ჩაატაროს. შეხვედრა 29 მაისს სტამბოლშია დანიშნული, მაგრამ თურქეთი covid 19-ის წითელ ზონაშია და 29 მაისამდე ამ სამწუხარო ზონას თავს ვერ დააღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივრებს შინ დაბრუნების შემდეგ კოვიდსასტუმროებში მოუწევთ ათი დღის გატარება.

ბორის ჯონსონმა „სანს” უთხრა: „ჩემპიონთა ლიგის ფინალი ევროპული საკლუბო ფეხბურთის მწვერვალია და რა სამწუხარო იქნება თუკი ამ შეხვედრას, მითუფრო ორი ინგლისური კლუბის მონაწილეობით, ფანები ვერ დაესწრებიან. თუ შესაძლებელი იქნება, მინდა მატჩს ჩვენ ვუმასპინძლოთ. მსურს ორივე კლუბის გულშემატკივარს დავეხმარო, რათა საყვარელი გუნდის თამაში ნახონ”.

თუკი შეხვედრას ინგლისში გადაიტანენ, მას სავარაუდოდ, 15 000 მაყურებელი დაესწრება.

მაგრამ, თუკი ფინალს მაინც „ათათურქზე” დატოვებენ, ბრიტანეთის ხელისუფლება მზად არის თვითიზოლაციიდან დაბრუნებული ფეხბურთელები მაინც გაათავისუფლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდ დღეში ჩავარდება ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატი 13 ივნისს, ხორვატიასთან შეხვედრით ეწყება. ბრიტანეთის მთავრობის კეთილი ნება თუ არ იქნა, ფილ ფოდენი, რაჰიმ სტერლინგი, ჯონ სტოუნზი, მეისონ მაუნტი და ბენ ჩილუელი თამაშის დაწყებამდე მხოლოდ ოთხი დღით ადრე გამოვლენ კარანტინიდან და ნაკრების მომზადებაში მოაწილეობას ვერ მიიღებენ.

უეფა აპირებდა ფინალის თითოეული მონაწილესთვის სტამბოლში 6 ათასი ფანის თანხლების ნება დაერთო. შემდეგ, გამოცხადდა, რომ სტადიონზე 25 000 მაყურებელს შეუშვებდნენ, მაგრამ თურქეთში კოვიდის ახალი ტალღა მომძლავრდა.

და ბოლოს, უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ბორის ჯონსონის წინაშე ვალშია. ერთი ხნის წინ, ბობოლა კლუბების მიერ დაარსებული სუპერლიგის დაშლაში ჯონსონმა დიდი როლი ითამაშა, ასე რომ ფინალის ინგლისში გადატანის შანსი არსებობს.

საფინალოდ ინგლისელები უეფას სთავაზობენ „უემბლის”, ნიუკასლის „სენტ ჯეიმს პარკსა” და „ტოტენჰემ ჰოთსპურის” სტადიონს.